სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ფიქსირდება.
კერძოდ, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2021-2022 წლების ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, რისთვისაც აღნიშნულ პერიოდში 1,049.0 ათასი ლარია გახარჯული.
„აუდიტის ჯგუფმა, მერიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით და შესრულებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერებით, მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ზოგადი მდგომარეობა შეისწავლა. საანგარიშო პერიოდში ქ. ახალქალაქის და მუნიციპალიტეტის 35 სოფელში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს. ხოლო, 29 სოფელში მცხოვრებ 3 655 ოჯახის წყალმომარაგებას მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ ახალქალაქის სერვისცენტრი ემსახურება, რომელიც კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას არ ფლობს.
აღნიშნული 29 სოფლიდან, 7 სოფელს (600 ოჯახს) წყალი გრაფიკით მიეწოდება. მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემა, ასევე ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, გამწმენდი ნაგებობებით, წყლის და ქლორვის საშუალებებით არ არის აღჭურვილი, სასმელად ვარგისობის დასადგენად წყლის ლაბორატორიული შემოწმება არ ტარდება. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ აქვს გატარებული,“- აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის დასკვნის თანახმად, თვითმმართველ ერთეულში მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა არსებობს. კერძოდ, მუნიციპალიტეტში შესაბამისი ლიცენზიის მქონე სუბიექტი არ ფუნქციონირებს, ასევე მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და მოსახლეობის სასმელი წყლის გასაუმჯობესებლად, გონივრულ ვადაში კომპლექსურ ღონისძიებებს განახორციელებს. სტრატეგია ასევე პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას.