მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხეში ₾3,7 მლნ-ის დახარჯვის მიუხედავად, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება - აუდიტი

ახალციხე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ იმისდა მიუხედავად, რომ სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციაში შესვლისთვის 3714.9 ათასი ლარია გახარჯული, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება და არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი.

აუდიტის ინფორმაციით, ქალაქ ახალციხის, ქალაქ ვალესა და 3 სოფლის, ამასთან 97 მოსახლის სასმელი წყლის მიწოდებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ აქვს. დანარჩენი სოფლების მოსახლეობას წყალი სხვადასხვა დროს მოწყობილი წყლის სისტემებით მიეწოდება, რომელთა გამართულ ფუნქციონირებაზე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ - ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინების სამსახურია პასუხისმგებელი.

"მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს წყალმომარაგების შესაბამისი ლიცენზიის მქონე სუბიექტი, მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება შეფერხებით, არ მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია,“- აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მერიამ პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რომლის ფარგლებშიც კომპლექსურ ღონისძიებებს დაგეგმავს და განახორციელებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. ამასთან, სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის, წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიის მქონე სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აუდიტის რეკომენდაციით, აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები