სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების საქმიანობის აუდიტი ჩაატარა. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების/პროგრამების დროულად განხორციელება .
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2021-2022 წლების შემოსულობებმა 60,627.8 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 51,665.3 ათასი ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
2021-2022 წლებში (ათასი ლარი)
აუდიტის ინფორმაციით, ორივე საბიუჯეტო წლისათვის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის გადასახდელების მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მუნიციპალურმა მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები წლის ბოლომდე ვერ აითვისა და ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებები, ვერ განახორციელა.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა პროგრამებით გათვალისწინებული შედეგები ვერ მიიღო. ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული მოედნების, სკვერების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. შეუსაბამოდ დაიგეგმა ან/და არ ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება.
„საბიუჯეტო პარამეტრების არასათანადო დაგეგმვისა და შესრულების გამო, მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს ფლობდა. კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით 2,980.8 ათასი ლარი ერიცხებოდა. 2021 წლისათვის მუნიციპალიტეტმა 3,065.3 ათასი ლარის ათვისება დაგეგმა, თუმცა ფულადი სახსრების დაგროვებამ 4,769.5 ათასი ლარი შეადგინა.
შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 7,750.3 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 2,688.0 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია. 2022 წელს, მუნიციპალიტეტმა 7,674.3 ათასი ლარის ათვისება დაგეგმა, თუმცა 4,193.0 ათასი ლარი დააგროვა. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 11,943.3 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 5,035.9 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია,“- ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების/პროგრამების დროულად განხორციელება და არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი) დააგროვა. აღნიშნული მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.
მათივე რეკომენდაციით, მერიამ უნდა შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა და ბიუჯეტის გაწერისას კონტროლის დამატებითი მექანიზმი დანერგოს, რომელიც თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას უზრუნველყოფს.