სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლების საბიუჯეტო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.
აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროცესები გარკვეული ნაკლოვანებებით გამოირჩეოდა. კერძოდ:
- 2021-2022 წლების ბიუჯეტების პროექტის მომზადების მიზნით, მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის საბიუჯეტო განაცხადის ფორმები, ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით არ გაუგზავნია. მერიამ მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს მხოლოდ წერილობით მიმართა, განაცხადების წარმოდგენის მოთხოვნით;
- ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, წარმოდგენილი საბიუჯეტო განაცხადები დასაქმებულთა საპროგნოზო რიცხოვნობას არ მოიცავს;
- 2021-2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას არ მოიცავს, როდესაც ასეთი შეუსაბამობა 30%-ს აღემატება.
აუდიტის დასკვნის თანახმად, 2021-2022 წლების საბიუჯეტო პროცესი მუნიციპალიტეტში ხარვეზებით მიმდინარეობდა და ზოგიერთ შემთხვევაში საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.