მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 დაუსრულებელი და 1 უფუნქციო ობიექტი - აუდიტის დასკვნით, ახალქალაქში ასი ათასობით ლარი არაეფექტიანად გაიხარჯა

ახალქალაქი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტმა რიგ შემთხვევაში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი სათანადოდ ვერ დაგეგმა. შედეგად, მუნიციპალიტეტში 5 ობიექტი დაუსრულებელია, ხოლო 1 უფუნქციოა, მათ სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 336.2 ათასი ლარი კი არაეფექტიანადაა გახარჯული.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაუსრულებელია, კერძოდ:

  • 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო შეისყიდა. აუდიტის ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული პროექტები დაათვალიერა. გამოვლინდა, რომ 2 ინფრასტრუქტურული ობიექტი, საერთო ღირებულებით − 250.1 ათასი ლარი, დაუსრულებელია. კერძოდ, სოფლის კლუბისა და მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, 2021-2022 წლებში ქალაქ ახალქალაქში „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარი“ მოეწყო, საერთო ღირებულებით − 38.0 ათასი ლარი, რომელიც დასრულებულია, თუმცა არ გამოიყენება და უფუნქციოა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ობიექტი უფუნქციოა, რადგან მოსახლეობა გარევაჭრობის მიმართულებით იყენებს;
  • 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სულ გაიხარჯა 1,747.8 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სოფლის პროგრამიდან ისეთი პროექტებია დაფინანსებული, რომლებიც ბოლომდე ვერ იქნა დასრულებული. კერძოდ, 3 ობიექტის სარეაბილიტაციოდ თანხები (სულ 48.1 ათასი ლარი) გამოიყო, რომელიც ობიექტების დასასრულებლად საკმარისი არ იყო, თუმცა მათი დასრულება შემდეგი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით იყო გამოყოფილი, რაც არ განხორციელებულა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელდა, მაგრამ შემდეგ წელს პრიორიტეტი შეიცვალა და მოთხოვნილი იქნა სხვა ობიექტების მოწყობა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა რიგი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია ისე განახორციელა, რომ მათი მიმდინარეობა სათანადოდ არ დაუგეგმავს. შედეგად, 5 ობიექტი დაუსრულებელია, ხოლო 1 უფუნქციოა, რის გამოც საბოლოო შედეგი მიღწეული ვერ იქნა. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ობიექტების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 336.2 ათასი ლარი გახარჯულია არაეფექტიანად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები