„ახია, ჩემზე“ - ლაშა პაპაშვილი "დურუჯის" ლაურეატების ნაწილის მიერ ჯილდოების უკან დაბრუნებაზე
„ახია, ჩემზე“ - ასე ეხმაურება ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი "დურუჯის" ლაურეატების ნაწილის მიერ ჯილდოების უკან დაბრუნებას.
თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაშა პაპაშვილის „რედიქს ჯგუფის“ მიერაა დამფუძნებელი და ხელოვანების ნაწილმა ბიზნესმენისთვის ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2024 წლის 30 დეკემბერს, BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია და ბიძინა ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში, რადგან მან ქვეყანას ომი ააცილა.
ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ის თეატრალური პრემია „დურუჯის“ მხოლოდ სპონსორი იყო, ხოლო ლაუარეატებს არჩევდა სპეციალური ჟიური, ამიტომ ჯილდოების მისთვის დაბრუნება გაუგებარია.
- მე მხოლოდ ქართული თეატრი წავახალისე, რათა საშუალება ჰქონოდათ, უკეთ ემოღვაწათ... ჟიურიც თავად [ხელოვანების] არჩეულია; ჰქონდათ ხელფასები... ლაშა ბუღაძეც იყო ჟიურიში; ისინი ირჩევდნენ ლაუარეატებს და სინამდვილეში თავიანთ კოლეგებს მიაყარეს სახეში „დურუჯის“ პრემიები. მე პირადად მონაწილეობა მივიღე რამეში?! რომელიმე ჩემი თანამშრომელი ან ბიზნესმენი ან მოადგილე ჩავსვი ჟიურიში?! მე რომ მომიტანეს „დურუჯის“ ჟიურები, წავიდნენ და ვინც აირჩიათ, იმათ მიუტანონ; მე არცერთისთვის არ მიმიცია ჯილდო... ფული რა შუაში იყო?! ფული ჭუჭყია. შეიძლება, ფული გინდოდეს, მაგრამ ფული არ უნდა გიყვარდეს - ეს შთამინერგა ჩემმა პატრიარქმა.
- თეატრალური პრემია „დურუჯის“ სპონსორი „რედიქს ჯგუფი“ იყო და ამიტომაც მოგიტანეს ჯილდოები უკან...
- დონორი რა შუაშია?! მე უბრალოდ ქართულ თეატრს მივეცი ფული და ახია, ჩემზე. ჟიურიმ აირჩია ვისთვის გადაეცა ჟილდო და თუ უკან მიუყრიან ჯილდოებს, მიუბრუნონ თავიანთ კოლეგებს, ვინც მაშინ ჟიურიში იყო. ჩემი მხოლოდ ფული იყო. მე არ მიმიღია გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ამდენად, თუ ვინმეს უნდოდა, ქართული თეატრის მხარდაჭერის მიზნით, ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა, ეს მატარებელი ჩავლილია.