მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლა დღეში იმ მოცულობის პროდუქცია იყიდება, რასაც 1998 წელს, წლიურად ვყიდდით - "კნაუფი" გასულ 28 წელს აჯამებს

კნაუფი

"კნაუფი", რომელიც 1932 წელს გერმანიაში, საოჯახო ბიზნესის სახით დაფუძნდა, 1998 წლიდან საქართველოში ოპერირებს, 2010 წლიდან კი თაბაშირ-მუყაოსა და სხვა სარემონტო მასალებს საქართველოსა და სომხეთისთვის თბილისში აწარმოებს. კომპანიის მიერ განვლილ 28 წელსა და ადგილობრივ ბაზარზე ზრდის ტენდენციებზე "საქმიანი დილას" ეთერში "კნაუფ გიპს თბილისის" გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ ისაუბრა.

როგორც მან BMG-ის ეთერში აღნიშნა, წელს ერთ დღეში იმ რაოდენობის პროდუქტი იყიდება, რაც 1998 წელს წლიურად რეალიზდებოდა.

"ჩვენი ფილოსოფია არის ასეთი: ჩვენ არ ვყიდით მასალებს, არამედ ვყიდით სისტემებს. თანამედროვე ავეჯი და მე-19 საუკუნის ავეჯი რომ წარმოიდგინოთ, მე-19 საუკუნის ავეჯს ალბათ 5 კაცი სჭირდებოდა, რომ სახლამდე მოეტანათ, ახლა კი, ავეჯი უბრალოდ ყუთებით მოდის და თვითონ მყიდველს შეუძლია ის ააწყოს. ზუსტად ამ პრინციპით ვთავაზობთ მომხმარებელს პროდუქტს. ყველას შეუძლია, მოიფიქროს თავისი ინტერიერი და ჩვენ გვაქვს ყველა ის მასალა, რაც ამ ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ.

კომპანია 1932 წელს ჩამოყალიბდა გერმანიაში, დღეს კი ყველა კონტინენტზე ვართ, ანტარქტიდის გარდა. ისეთი ტემპებით თუ წავიდა ყველაფერი, შეიძლება მანდაც ვიყოთ. მაგალითად, 1998 წელს, წელიწადში, საქართველოში 35 000 კვადრატული მეტრი თაბაშირ-მუყაო გაიყიდა, ახლა კი ერთ დღეში იყიდება იგივე რაოდენობა. რამხელა ზრდაა, წარმოიდგინეთ. ამაში საქართველოს "კნაუფმა" ძალიან დიდი შრომა ჩადო. 1998 წლიდან 2008 წლამდე იყო მარკეტინგული ფირმა, რომელიც ამზადებდა მოთხოვნას საქართველოში. 2008 წელს უკვე იმდენი გაიყიდა, რომ 2009-ში ქარხანა შევიძინეთ და 2010-დან უკვე დავიწყეთ წარმოება აქვე, ადგილზე. ქარხანა აწარმოებს თაბაშირ-მუყაოს ფილებს, პროფილებს, ფითხებს და ასევე სალეს მასალებს", - ამბობს გიორგი ჯაფარიძე.

"კნაუფ გიპს თბილისის" გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი "საქმიანი დილას" ეთერში ბაზრის დინამიკასაც აფასებს, მათ შორის, რეგიონის ჭრილში.

"ბაზარი პანდემიამდე იზრდებოდა მაღალი ტემპებით. პანდემიის შემდეგ იყო ვარდნა და შემდეგ ისევ დაიწყო ზრდა, მაგრამ ეს ბოლო ორი წელია, ისევ შენელებულია. გარდა საქართველოსი, თბილისიდან სომხეთშიც მიდის მასალა და, თუ მაგალითად ადრე სომხეთის ბაზარი მოცულობით ორჯერ ნაკლები იყო ქართულ ბაზარზე, და საქართველოს ბაზარი სამჯერ ნაკლები იყო აზერბაიჯანის ბაზარზე, ახლა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვაობა 30-40%-ია, მეტი არა.

თვითონ კომპანია ამ ბოლო დროს დაუბრუნდა 2019 წლის მაჩვენებლებს და მთლიანად რეგიონში გაიყიდა 12 მილიონზე მეტი მ² თაბაშირ-მუყაო, საიდანაც 50% "კნაუფ საქართველოზე" მოდის", - განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, კომპანიის ზრდაა მოსალოდნელი 2026 წელსაც, რასაც "კნაუფი" მომზადებული ხვდება საგანმანათლებლო ცენტრით, რომელშიც ის სტუდენტებს მშრალ მშენებლობას შეასწავლიან, სრულიად უფასოდ.

"სომხეთის ბაზარი ძირითადად იმიტომ გაიზარდა, რომ იქ უზარმაზარი ინვესტიციები დაიძრა და ყველა ის ბრენდული სასტუმრო, რომელიც საქართველოში ჩვენთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს, იქაც აშენებს და გვიკავშირდებიან. ძალიან ბევრ პროექტს უკვე ვაწვდით ჩვენს მასალებს სომხეთში. ეს იმის საწინდარია, რომ შეიძლება, რაღაც დროში აქაც გაიზარდოს ინვესტიციები და ზრდის მაჩვენებელი დაუბრუნდეს ისევ იმას, რაც იყო.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და შევქმენით ჩვენი სასწავლო ცენტრი ჩვენს ოფისში, გერმანიის სახელმწიფოს დახმარებით. ამ სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ, სულ ყველას შეუძლია მიიღოს განათლება, თუ როგორ უნდა აწარმოოს მშრალი მშენებლობა, ტრადიციული მშენებლობა და ა.შ. 2017 წელს გავხსენით ეს სასწავლო ცენტრი და 2000-ზე მეტი სტუდენტი გადავამზადეთ", - განაცხადა "კნაუფ გიპს თბილისის" გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები