"ინვესტორი რომ ვიყო. ორჯერ დავფიქრდებოდი საქართველოზე" - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა BMGTV-ზე გადაცემა "რედაქტ2"-ში განაცხადა.
"ინვესტორებს სურთ სანდოობა და უსაფრთხოება. ვისურვებდი სხვა ვითარებაში ვიყოთ. პირადად ვმუშაობდი, ინტერვიუებს ვაძლევდი. ყველა მინისტრმა და პრემიერმა იცის, ამ ქვეყანაში როგორ ვცდილობდი საქართველოს ეკონომიკის რეკლამირებას. ახლა ვფიქრობ, რომ პერსპექტივა ვარდისფერი აღარაა და ინვესტორი რომ ვიყო, ორჯერ დავფიქრდებოდი საქართველოზე", - აცხადებს ფიშერი.
ელჩმა ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე ეკონომიკაზე. მისი თქმით, ევროკავშირში შესვლით ქვეყანა 450-მილიონიანი ბაზრის ნაწილი ხდება.
"მე არ ვარ გლობალური ომის პარტია, არც "დიფსთეითი". ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ "დიფსთეითზეც". 39 წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობაში ვიყავი და "დიფსთეითი" არ მინახავს. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდი, როგორც საჯარო მოხელე, აზრს ვეკითხებოდით მეცნიერებს, მთავრობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, არჩეულ პარლამენტის წევრებს. არანაირი "დიფსთეითი" არ არ არის. საქართველოს მეგობარი ვარ და როცა ჩამოვედი ამ ქვეყანაში ხალხს ვეუბნებოდი, რომ საქართველო ევროკავშირის გზას ადგას და ეს მიმართულებები შეიძლება იყოს საინტერესო და ვისურვებდით უფრო მეტ ინვესტიციას. როგორც ეკონომიკასა და ბიზნესში მომუშავე ხალხს, გესმით შესაძლებლობის ფასი. განსხვავებულია ევროკავშირის გზაზე მყოფი ქვეყნის შემთხვევა - ევროკავშირის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარია 450 მილიონი მომხმარებლით", - ამბობს ელჩი.
ბოლო ხუთ წელში საქართველოში გერმანიიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა შემდეგნაირია:
2019 წელი - 24 მლნ დოლარი
2020 წელი - 36.5 მლნ დოლარი
2021 წელი - 38 მლნ დოლარი
2022 წელი - 34 მლნ დოლარი
2023 წელი - 25 მლნ დოლარი
2024 წელი - 39 მლნ დოლარი




























