კომპანია "ბლექსი გრუპის" გენერალური დირექტორი ამირან მამუჭაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას - არ გააუქმოს ე.წ. თეთრი სია და ახალ სისტემაზე გადაეწყოს დადებითად აფასებს. როგორც მან მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, ახალი მოდელი ყველა კომპანიაზე იქნება მორგებული.
"ჩვენი კომპანია დიდი ხანია არ სარგებლობს ამით, ვმუშაობთ "თეთრი სიის" გარეშე. რაც შეეხება ბიზნესს, ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიციები. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კმაყოფილია, რადგანაც გარდამავალ ეტაპზე, დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში იქნება შეზღუდვები. ანუ, თუ დღეს [ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია] იყო 50% "თეთრი სიით", მომავალ წელიწადში იქნება 60, 70%, ასე განვითარდება საფეხურებრივად, რაც მისცემს ბიზნესს საშუალებას, ეტაპობრივად გადაეწყონ და მოემზადონ უფრო მკაცრი კონკურენციისთვის. ანუ საკმაოდ პოზიტიური იყო დღევანდელი განცხადება, ცალსახად შემიძლია ვთქვა, ახლანდელი გადაწყვეტილება ყველასთვის მორგებული მოდელია", - განაცხადა ამირან მამუჭაძემ.
როგორც "ბლექსი გრუპის" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გასულ კვირებშიც იმართებოდა შეხვედრები, რა დროსაც სამშენებლო კომპანიებმა სხვადასხვა საკითხები დააყენეს დღის წესრიგში. მამუჭაძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკითხი ტენდერებში ფასწარმოქმნას შეეხებოდა, რის შედეგადაც დაანონსებულია ახალი საბაზრო ფასების შემოღება.
"ეს შეხვედრა არ იყო ერთადერთი, გასულ პერიოდში გვქონდა არაერთი შეხვედრა სამინისტროში. მაშინ დაყენებულ საკითხებზე: ეს იყო სტანდარტები, ეს იყო ფასთა წარმოქმნა, ეს იყო ადეკვატურობა, ეს იყო დემპინგური ფასები - საკმაოდ კარგად აქვს ნამუშევარი ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მინისტრს თავის გუნდთან ერთად. პრაქტიკულად, ყველა თემაზე მივიღეთ პასუხი. ახალი საბაზრო ფასების შემოღება ხდება, სწორი კალკულაციებით, სწორი კონკურენტუნარიანი მონაწილეობა იქნება კომპანიების ტენდერებში, რაც გააჯანსაღებს სექტორს და სეგმენტს. შეიძლება ცალსახად ვთქვა, ეს ყველა რეფორმა მიმართულია უფრო წარმატებული და კარგი პროექტების განხორციელებისკენ.
საპროექტო ორგანიზაციებს მიეცემათ დავალება, რომ ფასწარმოქმნა განახორციელონ საბაზრო კვლევების საფუძველზე და ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული იქნებიან ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიც არის სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელიც საკმაოდ ჯანსაღ და სწორ ფასებს განსაზღვრავს ყოველთვის", - განაცხადა ამირან მამუჭაძემ.
დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მინისტრის ახალ ინიციატივას შეეხებოდა, რომლის ფარგლებშიც ე.წ. თეთრი სიების გაუქმება იგეგმებოდა.
"თეთრი სია" წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით.
გადაწყდა, რომ "თეთრი სია" არ გაუქმდება, თუმცა გამკაცრდება და 2029 წლიდან ახალი სისტემა ამოქმედდება.




























