მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნება დროში გადაწია - ლაშა ქავთარაძე

ინფლაცია

ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და ირანის კონფლიქტში უშუალო ჩართულობა გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე, მათ შორის საქართველოზეც, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის განცხადებით, შექმნილმა ვითარებამ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების მოლოდინები დროში გადაწია.

ქავთარაძის განმარტებით, მაკროეკონომიკური გარემოს ცვლილება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხანგრძლივობისა და მასშტაბის იქნება რეგიონული კონფლიქტი.

ეკონომისტი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესახებ კვლავ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება კონფლიქტი და როდის დაუბრუნდება ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს.

“ახლო აღმოსავლეთში არის კონფლიქტი ირანის უშუალო ჩართულობით, შესაბამისად ის მოლოდინი, რომ ინფლაცია უფრო ადრე დაუახლოვდებოდა მიზნობრივ მაჩვენებელს, ეს გადაიწია. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურად და შესაბამისად ის გადმოეცემა სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. ამიტომ, რა ხანგრძლივობის იქნება ეს კონფლიქტი, მნიშვნელოვნად განაპირობებს შესაბამისად მაკროეკონომიკური გარემოს ცვლილებებს.

ჩვენი პროგნოზი საბაზისო სცენარში მაინც ის არის, რომ გარკვეულწილად წლის ბოლოსკენ შესაძლოა შემცირება ვიხილოთ, თუმცა არა იმ დოზით, რასაც მაგალითად წლის დასაწყისში ველოდებოდით 0.5 პროცენტული პუნქტით. ვფიქრობთ, რომ საბაზისო სცენარში, თუ მოკლევადიანი იქნება ეს კონფლიქტი, უფრო წლის ბოლოსკენ დაუახლოვდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს და იქ შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა იფიქროს, რომ შეამციროს პოლიტიკის განაკვეთი. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ 0.25 პროცენტული პუნქტით, თუმცა რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ეს დამოკიდებული არის თუ რა მასშტაბის იქნება ეს კონფლიქტი და რა დროში იქნება დასრულებული,”-ამბობს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები