მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო, ჯავშნების 60-70% გაუქმებულია - TopTour Georgia

ტურისტული

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა საქართველოს ტურიზმის სექტორი სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შემომყვან ტურიზმში, სადაც ჯავშნების მასობრივი გაუქმება ფიქსირდება. ამის შესახებ ტურისტული კომპანია TopTour Georgia-ს კომერციულმა დირექტორმა ნონა ფოლადაშვილი BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა.

მისი თქმით, თუ თავდაპირველად ფრენების შეზღუდვის მიუხედავად ალტერნატიული მარშრუტები, მათ შორის გალფის ქვეყნები და აზერბაიჯანი გარკვეულწილად ინარჩუნებდა ტურისტულ ნაკადებს, არსებული ვითარებით თითქმის ყველა მიმართულება ჩაიკეტა.

„სამწუხაროდ, ჩაიკეტა თითქმის ყველა გზა და გაუქმდა აბსოლუტურად ყველა ჯავშანი. რამდენიმე ჯავშანი არის აქტიური, რომელიც ისევ და ისევ იმის ხარჯზე, რომ ერთი მიმართულების - ყაზახეთის, ალმათის მეშვეობით მოფრინავენ ჩვენთან, მხოლოდ ეს გზა დარჩა, რომ ტურისტებმა ჩვენამდე მოაღწიონ", - აღნიშნა ფოლადაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი დარტყმა იმ ბაზრებზე მოდის, რომლებზეც საქართველო ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული - გალფის ქვეყნებსა და ინდოეთზე. მარტისა და აპრილისთვის ტუროპერატორები 10-15%-იან ზრდას ელოდნენ, თუმცა რეალურად დაგეგმილი ჯავშნების დაახლოებით 60-70% გაუქმდა.

ფოლადაშვილი განმარტავს, რომ არსებული კრიზისი განსაკუთრებით მძიმეა, რადგან რეგიონში არსებული ავიაჰაბები – მათ შორის ირანი, შარჟა და სხვა მიმართულებები ფაქტობრივად პარალიზებულია, რაც ტურისტების გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.

მიუხედავად ნეგატიური ტენდენციებისა, სექტორში გარკვეული ოპტიმიზმიც იკვეთება. მისი თქმით, იმ ტურისტების ნაწილი, რომლებიც აზიის მიმართულებით მოგზაურობას გეგმავდნენ (მაგალითად, ტაილანდში ან საამიროებში), ალტერნატიულ მიმართულებად საქართველოს განიხილავენ.

„მაისი-ივნისზე მოთხოვნა ნაწილობრივ იზრდება. ვცდილობთ, ეს ნაკადები საქართველოზე გადავამისამართოთ, რადგან ქვეყანა უსაფრთხოა და სტაბილური გარემოა“, - აცხადებს ის.

ამასთან, ფოლადაშვილი ხაზს უსვამს ბაზრების დივერსიფიცირების აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სექტორი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ან ორ მიმართულებაზე.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ევროპულ ბაზრებზე გარკვეული მარკეტინგული აქტივობები ხორციელდება, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უფრო აქტიური კამპანიები, განსაკუთრებით მაღალ მხარჯველუნარიან ბაზრებზე: „ინდოეთის ბაზარი რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა სწორი სტრატეგიის შედეგად. მსგავსი მიდგომა საჭიროა სხვა ბაზრებზეც, რათა მსგავსი შოკების დროს სექტორი ნაკლებად მოწყვლადი იყოს“, - აცხადებს ნონა ფოლადაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები