შალვა გოგოლაძე, რომელიც პრემიერმა ცოტა ხნის წინ კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ წარადგინა, აცხადებს, რომ ახლო მომავალში დაიწყება ფედერაციებთან და რეგიონებში გასვლა, რათა 10 წლის გეგმები შემუშავდეს.
"პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა ვუხელმძღვანელო ქართულ სპორტს, ვინაიდან ქართული სპორტი დღეს არის ერთ-ერთ უმაღლეს დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ პრემიერთან ერთად, სრულ გუნდთან ერთად საქართველო კიდევ ბევრჯერ იზეიმებს იმ დიდ მიღწევებს, როგორც დღეს ზეიმობს ფეხბურთსა და სხვა სპორტის სახეობებში. ჩვენ ახლო მომავალში დავიწყებთ ფედერაციებთან და რეგიონებში გასვლას იმისთვის, რომ მომავალი 10 წლის გეგმები დავსახოთ, თუ როგორი იქნება ჩვენი ქართული სპორტი განვითარების კუთხით", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ დააანონსა, არჩევნების შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა. სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე, ხოლო კულტურის სამინისტროს - თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს.