ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის მფლობელმა კომპანიამ, ByteDance-მა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და კონგრესს ფედერალურ სასამართლოში უჩივლა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, აშშ-ის მთავრობამ უმიზეზოდ მიიღო TikTok-ის აკრძალვის გადაწყვეტილება, რადგან ამის არავითარი რეალური საბაბი არ არსებობდა, რაც არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება სამართლიანი კონკურენციის პრინციპს.
როგორც TikTok-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სასამართლოში ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ სოციალური ქსელი სამართალს არ ეწევა და მის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვა არ გაუქმდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს აშშ-ის მთავრობამ მიიღო ახალი კანონი, რომლის თანახმად, TikTok-ს ქვეყანაში საქმიანობა აეკრძალება, თუკი მისი მშობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი მას სხვა კომპანიაზე არ გაასხვისებს.
მარტივად რომ ვთქვათ, TikTok-ის მფლობელმა კომპანიამ სოციალური ქსელი უნდა გაყიდოს, რადგან ის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკებს შეიცავს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ByteDance-ის მართვის პროცესში ჩინეთის მთავრობის ჩარევის შემთხვევები ფიქსირდება.
TikTok-ს ამჟამად 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, აქედან 170 მილიონი ამერიკაშია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. სოციალური ქსელის ასეთი პოპულარობა მას განსაკუთრებით საშიშ პლატფორმად აქცევს, სწორედ ამიტომ აშშ-ის მთავრობამ ეს უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა.
ByteDance-ს 9 თვე ექნება TikTok-ის გასაყიდად. თუკი ის სოციალურ ქსელს არ გაასხვისებს, მაშინ ამერიკის მოსახლეობას TikTok-ის გამოყენება აეკრძალება, რაც სოციალური ქსელისთვის აშშ-ის ბაზარზე სასიკვდილო განაჩენი იქნება.