მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ სოციალურ ქსელ TikTok-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერირება აეკრძალოს - აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმად, TikTok-ს ქვეყანაში საქმიანობა აეკრძალება, თუკი მისი მშობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი მას სხვა კომპანიაზე არ გაასხვისებს.
მარტივად რომ ვთქვათ, TikTok-ის მფლობელმა კომპანიამ სოციალური ქსელი უნდა გაყიდოს, რადგან ის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკებს შეიცავს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ByteDance-ის მართვის პროცესში ჩინეთის მთავრობის ჩარევის შემთხვევები ფიქსირდება.
TikTok-ს ამჟამად 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, აქედან 170 მილიონი ამერიკაშია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. სოციალური ქსელის ასეთი პოპულარობა მას განსაკუთრებით საშიშ პლატფორმად აქცევს, სწორედ ამიტომ აშშ-ის მთავრობამ ეს უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა.
TikTok-ის გასხვისების ან აკრძალვის საკითხს აქტიურად უჭერს მხარს როგორც მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც პირველმა გააჟღერა ეს იდეა თავისი მმართველობის პერიოდში.
ByteDance-ს 9 თვე ექნება TikTok-ის გასაყიდად. თუკი ის სოციალურ ქსელს არ გაასხვისებს, მაშინ ამერიკის მოსახლეობას TikTok-ის გამოყენება აეკრძალება, რაც სოციალური ქსელისთვის აშშ-ის ბაზარზე სასიკვდილო განაჩენი იქნება.
როგორც ByteDance-ში აცხადებენ კომპანია სასამართლოში საჩივარს მყისიერად შეიტანს, რადგან TikTok-ის აკრძალვის რეალური საფუძველი არ არსებობს.