მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება

ფეიერვერკი
16.11.23 21:00
456

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმის ოდენობა იზრდება.

„ამ კანონპროექტით დარეგულირდება აკუსტიკური ხმაური და პირველივე ჯერზე, სანქცია ნაცვლად გაფრთხილებისა, განისაზღვრება ფულადი მაჩვენებლით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის მიხედვით, ამჟამად როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების შემთხვევაში პირველად დარღვევაზე ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილება მოქმედებს. ამასთან, განმეორებით შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 150 ლარია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი.

განახლებული კანონით, ფიზიკური პირები პირველივე ჯერზე 150 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირებისთვის ჯარიმა 1500 ლარი იქნება.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 5000 ლარი. მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 10 000 ლარით.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ 2023 წლის მონაცემებით, იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით, შედგენილია 344 სამართალდარღვევის ოქმი. დეპუტატების შეფასებით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ, არსებული რეგულაციის ფონზე, დამრღვევი პირები დადგენილ ჯარიმებს არ ერიდებიან და პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გაზრდაა, რამაც შესაძლებელია, უფრო ეფექტური პრევენციული ხასიათი მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები