“საქსტატის” ანგარიშის თანახმად, რომელშიც საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციაა თავმოყრილი, 2024 წელს ქვეყანაში აკვაკულტურის 90%-იანი წილი ოჯახურ მეურნეობებზე მოდიოდა, 10% კი საწარმოებზე. აღნიშნული 90/10-ზე თანაფარდობა ქვეყანაში სულ მცირე 2019 წლიდან უცვლელია.
2024 წელს ქვეყანაში თევზის წარმოების 64% სწორედ საოჯახო მეურნეობებზე მოდიოდა, 36% კი - საწარმოებზე.
სტატისტიკის თანახმად, აკვაკულტურის ყველაზე მეტი მეურნეობა - მათი 21.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია რეგისტრირებული. მეორე ადგილზეა კახეთი 20.6%-ით, მესამეზე კი - შიდა ქართლი - მეურნეობების 18.4%-ით. ამასთან, მეურნეობათა ყველაზე მცირე ნაწილი, მათი 1.2% რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონშია რეგისტრირებული, თბილისში კი არც ერთი მეურნეობა არ ფიქსირდება.
აკვაკულტურის მეურნეობების მიერ აკვაკულტურისათვის გაწეული მიმდინარე
ხარჯების განაწილება აჩვენებს, რომ ხარჯების ძირითადი ნაწილი, 54.6% - თევზის საკვებზე მოდის, სხვა კომპონენტებზე კი ასე ნაწილდება:
- თევზის საკვებზე გაწეული ხარჯი - 54.6%
- დაქირავებული მუშახელის ანაზღაურება - 24.6%
- ლიფსიტისა და მოზარდეული თევზის შეძენა - 9.6%
- სასუქებზე გაწეული ხარჯები - 2.1%
- ქვირითის შეძენა - 1.9%
- პესტიციდების და მედიკამენტების შეძენა - 0.4%
- სხვა მიმდინარე ხარჯები - 6.9%




























