მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალავერდში ქარბორბალით მიყენებულ ზიანს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ

ქარბორბალა

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 25 ივნისს ქარბორბალას მიერ მიყენებულ ზიანს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტები შეისწავლიან და ზარალის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაზუსტდეს. ამის შესახებ BM.GE-ს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან ერთად დილით ალავერდში შექმნილ ვითარებას გაეცნენ.

ალავერდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისად, ზარალი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ. შემდგომი თანმიმდევრული ქმედებებისთვის მათი დასკვნები იქნება საჭირო.

სხვადასხვა უწყების კოორდინაციით და მოსახლეობის დახმარებით მონასტრის ტერიტორია გუშინვე გაიწმინდა“, - განაცხადეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ქარბორბალამ მონასტრის ტერიტორიაზე ყველა შენობა დააზიანა.

„მონასტრის დათვალიერების შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა საგანგებოა. არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. ყველა სახურავი დაზიანებულია. სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან ამ ქარბორბალას დარტყმა ძალიან ძლიერი იყო. სხვა დანარჩენი - მონასტრის შიგნით თუ გარეთ ინფრასტრუქტურა იავარქმნილია და ეს მონასტრის ყველა შენობა-ნაგებობას ეხება“, - აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შექმნილ მდგომარეობას ეცნობიან.

სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. "ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქარბორბალა ალავერდში - სტიქიურმა მოვლენამ ალავერდის ინფრასტრუქტურა დააზიანა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები