ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმეტაში, ქარბორბალამ მონასტრის ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიური მოვლენა კახეთში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, რომლის შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ამოტრიალდა მანქანა, წაიქცა ხეივანი, ამოთხარა ზეთის ხილის ხეები, დაზიანდა გუმბათი და ჩამოვარდა ჯვარი“ - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი.
მომხდარზე ინფორმაცია, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამაც გაავრცელა:
"ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიცუპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით, შედეგად, დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან დაკავშირებას ცდილობს.
ფოტოს ავტორი: ლევან იაშვილი