“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) აფილირებული ექსპერტის მაკა ფარცვანიას მოსაზრებით, საქართველოში ჰესების წინააღმდეგ პროტესტი ნაკლები ინფორმირებულობით არის გამოწვეული.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა მოსახლეობას, სადაც ახალი ჰესების მშენებლობა იგეგმება, არც სახელმწიფოს და არც ინვესტორის მიმართ ნდობა არ აქვს.
კითხვას, ჰესების მიმართ პროტესტის ფონზე, რა გააკეთეს ინვესტორებმა და სახელმწიფომ ადგილობრივი მოსახლეობის მეტად ინფორმირებისთვის? მან უპასუხა, რომ ალბათ არაფერი. „სახეზეა ისევ პროტესტი და ისევ არაინფორმირებული მოსახლეობა. ხალხს ნდობა არა აქვს, რაც ძალიან ცუდია“, - განაცხადა მან.
მაკა ფარცვანიას მოსაზრებით, ჰესების მნიშვნელობაზე საუბარი ბავშვებში, ბაღის ასაკიდან არის საჭირო, რადგან დამოკიდებულება შეიცვალოს.
„ეს ალბათ ჩვენი ყველას ბრალია, რადგან ამაზე ნაკლებს ვსაუბრობთ - ნაკლებად ვარწმუნებთ მოსახლეობას, ამიტომ მეტ საინფორმაციო კამპანიას ვისურვებდი. ალბათ მოსახლეობიდან დავიწყებდი და წავიყვანდი უშუალოდ ამ ენერგოობიექტებზე და დავარწმუნებდი, რომ ის არ არის მტერი და ისეთი საშიში ობიექტი, რომ მან მათ ან ქვეყანას საფრთხე შეუქმნას. როგორც კი ჰესის წინააღმდეგ იწყება კამპანია, იმ წუთს გამოჩნდება ხოლმე მაგალითად, ზვიად გამსახურდიას ცნობილი ჩანაწერი და ა.შ - ეს არის ის აპრობირებული მეთოდი, რომელიც მოსახლეობაზე ძალიან კარგად მუშაობს.
ძალიან რთულია ადამიანი დაარწმუნო მითუმეტეს ადგილობრივი მოსახლეობა, სადაც ეს ჩანერგილი მიდგომა - „არა ჰესს“ არის ძალიან გამჯდარი, ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი თანმიმდევრულად ბაღის ასაკიდან, სკოლაში, უნივერსიტეტში, საჯარო ლექციები, რომ მოსახლეობა ავღზარდოთ“, - ამბობს მაკა ფარცვანია.