მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alef-ის მფრინავი ტაქსების EV-ბატარეებს ქართული კომპანია Elven Technologies-ი შეფუთავს

AlefAlef

ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Elven Technologies, რომელიც ლითიუმის ბატარეების ცეცხლგამძლე კომპოზიტურ მასალას აწარმოებს, ამერიკული სტარტაპის, Alef-ის მფრინავი ტაქსების ელექტრობატარეებს შეფუთავს. სიახლე, პირველად, ამერიკული სტარტაპის დამფუძნებელმა, ჯიმ დუჰოვნიმ განაცხადა, ხოლო სიახლის მოსაკითხად BMG ქართული კომპანიის დამფუძნებელს, ვამეხ ხერხეულიძეს დაუკავშირდა.

“ჩვენი კომპოზიტი მასალის შესახებ ძალიან ბევრ კომპანიას ვესაუბრებით. ამ შემთხვევაში, Alef-თან პირველადი კონტაქტი ჩვენმა ინვესტორმა, ფარიდ ისმაილსადამ დაამყარა, მოგვიანებით კი დისტანციურად შევხვდით კომპანიის ტექნოლოგიურ დირექტორს და დეტალების განხილვა დავიწყეთ - საბოლოო ჯამში, პროდუქტი მოეწონათ და თანამშრომლობაზე შევთანხმდით”, - განაცხადა Elven Technologies-ის დამფუძნებელმა, ვამეხ ხერხეულიძემ BMG-სთან.

როგორც ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ამბობს, ეს თანამშრომლობა Elven Technologies-ისთვის საეტაპოა, რადგან ასე ქართული კომპანია, რომელიც, ამ დრომდე, უმეტესწილად, ელექტრომანქანების ბატარეების შეფუთვაზე მუშაობდა, ავიაციაში შედის.

“Alef-ი განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიაა, რომელმაც მფრინავი ტაქსის მუშა პროტოტიპი შექმნა. საუბარი იმაზე, თუ რა მოცულობის პროდუქტს შეიძენს Alef-ი ჩვენგან, ამ ეტაპზე ნაადრევია, მაგრამ ამ თანამშრომლობის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ავიაციაში შევდივართ. თუ ამ დრომდე მხოლოდ ელექტრომობილებზე ვკონცენტრირდებოდით, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დრონის მსგავს მფრინავ მანქანასთან. კი, კვლავაც ბატარეის შეფუთვაა, მაგრამ უკვე ავიაციაა. თან, Alef-ი ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) დასტური აქვს მიღებული, რომელიც სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდებში ლითიუმის ბატარეების ტექნოლოგიის მთავარი მარეგულირებელია, ასე რომ ამ უწყებასთან დაახლოება ჩვენც გამოგვადგება, რადგან შეიძლება, ამ გზით, ავიაციის სფეროში შევიჭრათ.

თან, ეს პარტნიორობა იმითაცაა აღმაფრთოვანებელი, რომ საქმე მფრინავ მანქანასთან გვაქვს, რაც მომავლის ტექნოლოგიაა და ამ მიმართულებაში დღეს, ანუ დასაწყისში რომ ვერთვებით - ძალიან სასიამოვნოა. თან, უსაფრთხოების მოთხოვნები ავიაციაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე საგზაო ტრანსპორტში”, - აღნიშნა ვამეხ ხერხეულიძემ BMG-სთან საუბრისას.

ელექტრობატარეებს, რომლებზეც მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ერთი დიდი პრობლემა ახასიათებს - სპონტანური აალება. ელექტრობატარეების სპონტანურ აალებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და ყველაზე ხშირი - ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც ელექტრობატარეების ბლოკში მაშინ იწყება, როცა რომელიმე უჯრედი ზედმეტად გადახურდება და ფეთქდება. ამ დროს დიდი წნევა და სითბო გამოიყოფა, რის გამოც შემდეგი უჯრედიც ფეთქდება, რაც, თავის მხრივ, პროცესს ჯაჭვურად აგრძელებს. თერმული გადახურება რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის ზედმეტი დამუხტვის, ბატარეის შიგნით არსებული დისბალანსითა და ბატარეის ფიზიკური დაზიანებით.

ქართული Elven Technologies-ი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს, რისთვისაც კომპოზიტი მასალა შექმნა, რომელიც, როგორც ვამეხ ხერხეულიძემ TECH INFORM-ში რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებითაა დაცული და თუ სხვა კომპანიას ამ პროდუქტის გამოყენება მოუნდება, ის ვალდებული იქნება ქართულ კომპანიას თანხა გადაუხადოს.

“ჩვენი მიგნება - კომპოზიტია. ამ კომპოზიტში ახლა ოთხი მატერიაა, რომელთაგან არც ერთს არ ვფლობთ, პირიქით, მათი ყიდვა ონლაინაც შესაძლებელია, ხოლო ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება რეცეპტს მოიაზრებს, ანუ როგორ მზადდება ეს პროდუქტი - რა მასალებისგან, რა თანმიმდევრობით”, - აღნიშნა ვამეხ ხერხეულიძემ TECH INFORM-ში.

თუმცა, როგორც Elven Technologies-ის დამფუძნებელი ამბობს, კომპანიის მიზანი არ არის ელექტრობატარეების აალების პრობლემის გადაჭრა, რადგან ამ მიმართულებით სხვა კომპანიები მუშაობენ და ამგვარ ტექნოლოგიას უშუალოდ ბატარეებში აინტეგრირებენ. საპირწონედ ამისა, როგორც ხერხეულიძე ამბობს, ქართული ტექნოლოგიური კომპანია ისეთ შეფუთვას ქმნის, რომელიც ავტომობილს იმ შემთხვევაში დაიცავს, თუ ელექტრომობილის ბატარეების ბლოკს ცეცხლი მაინც წაეკიდა.

ამიერიდან კი, როგორც პარტნიორობიდან იკვეთება, ელექტრომობილების გარდა, ქართული კომპანია მფრინავი ტაქსების ბატარეების შეფუთვაზეც იმუშავებს. კომპანია, რომელთანაც Elven Technologies-ი თანამშრომლობას იწყებს 2015 წელს, კალიფორნიაში დაფუძნდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, კომპანიამ პირველი პროტოტიპი წარმოადგინა და ინვესტორები დააინტერესა, რომელთა შორის, ილონ მასკის Tesla-ს და SpaceX-ის ადრეული ინვესტორი, ტიმ დრეიპერიც არის. როგორც Alef-ის დამფუძნებელი, ჯიმ დუჰოვნი ამბობს, მფრინავი მანქანის პირველი მოდელი, სახელწოდებით Model A, ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება და მისი ფასი $300,000 იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები