მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს EV-ბატარეების შესაფუთი ქართული მასალა? - Elven Technolgies-ის განმარტება

Elven Technologies

ელექტრობატარეებს, რომლებზეც მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ერთი დიდი პრობლემა ახასიათებს - სპონტანური აალება. ელექტრობატარეების სპონტანურ აალებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და ყველაზე ხშირი - ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც ელექტრობატარეების ბლოკში მაშინ იწყება, როცა რომელიმე უჯრედი ზედმეტად გადახურდება და ფეთქდება. ამ დროს დიდი წნევა და სითბო გამოიყოფა, რის გამოც შემდეგი უჯრედიც ფეთქდება, რაც, თავის მხრივ, პროცესს ჯაჭვურად აგრძელებს. თერმული გადახურება რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის ზედმეტი დამუხტვის, ბატარეის შიგნით არსებული დისბალანსითა და ბატარეის ფიზიკური დაზიანებით.

ამ მიმართულებით ქართული ტექნოლოგიური კომპანია, Elven Technologies-ი მუშაობს, რომელსაც ქართული საზოგადოება, უმეტესწილად, მეხანძრეებისა და კასკადიორებისთვის განკუთვნილი ცეცხლგამძლე კოსტიუმებით იცნობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე TECH INFORM-ში ამბობს, Elven Technologies-ის ახალი პროდუქტი, რომელიც ლითიუმის ბატარეების შეფუთვას გულისხმობს, კომპოზიტი მატერიისგან არის შექმნილი და შესაბამისად, ბატარეის აალებისას გაჩენილ ცეცხლთან გამკლავება შეუძლია.

“ჩვენი ცეცხლგაუმტარი კომპოზიტი 2000-გრადუსიან ტემპერატურას უძლებს ნახევარი საათის განმავლობაში და ეს ვიცით, რადგან ტესტები ჩატარებული გვაქვს. თუმცა ამ ეტაპზე, არც ტემპერატურის ზედა ლიმიტი გვაქვს აღმოჩენილი და არც დროის, რადგან ცდებისას 2000 გრადუსს და ნახევარ საათს ვერ ვცდებით”, - აღნიშნავს ვამეხ ხერხეულიძე და დასძენს, რომ ლიმიტების მიუხედავად, ეს ტესტი გაცილებით უფრო მასშტაბურია სტანდარტიზებულ ტესტებთან შედარებით, რადგან მათ შემთხვევაში ტესტი ერთი-ორი წუთი გრძელდება.

როგორც Elven Technologies-ის დამფუძნებელი ამბობს, ეს ტექნოლოგია ინტელექტუალური საკუთრების უფლებითაა დაცული და თუ სხვა კომპანიას ამ პროდუქტის გამოყენება მოუნდება, ის ვალდებული იქნება ქართულ კომპანიას თანხა გადაუხადოს.

“ჩვენი მიგნება - კომპოზიტია. ამ კომპოზიტში ახლა ოთხი მატერიაა, რომელთაგან არც ერთს არ ვფლობთ, პირიქით, მათი ყიდვა ონლაინაც შესაძლებელია, ხოლო ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება რეცეპტს მოიაზრებს, ანუ როგორ მზადდება ეს პროდუქტი - რა მასალებისგან, რა თანმიმდევრობით”, - აღნიშნა ვამეხ ხერხეულიძემ TECH INFORM-ში.

თუმცა, როგორც Elven Technologies-ის დამფუძნებელი ამბობს, კომპანიის მიზანი არ არის ელექტრობატარეების აალების პრობლემის გადაჭრა, რადგან ამ მიმართულებით სხვა კომპანიები მუშაობენ და ამგვარ ტექნოლოგიას უშუალოდ ბატარეებში აინტეგრირებენ. საპირწონედ ამისა, როგორც ხერხეულიძე ამბობს, ქართული ტექნოლოგიური კომპანია ისეთ შეფუთვას ქმნის, რომელიც ავტომობილს იმ შემთხვევაში დაიცავს, თუ ელექტრომობილის ბატარეების ბლოკს ცეცხლი მაინც წაეკიდა.

“ჩვენი პროდუქტი თავს იჩენს იმ შემთხვევაში, თუ ყველა სისტემა დახარვეზდა და აალება მაინც მოხდა. ამ დროისთვის, ბატარეა ჩვენი მატერიით მთლიანადაა დაფარული და მთელი არსი ისაა, რომ ალმა და ტემპერატურამ გარეთ არ გამოაღწიოს, რადგან ალი შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ გარსი ისე გახურდეს, რომ მის გარშემო არსებული პლასტმასტი დაადნოს, რომელიც გარეთ აალებას გამოიწვევს. ამასთან, მნიშვნელოვანია კომპოზიტმა აფეთქების ძალას გაუძლოს, რომელიც ყოველი ახალი ბატარეის გასკდომის დროს იმატებს. მთელი არსი ისაა, რომ როცა ბატარეას შევფუთავთ და ავტომობილში ჩავდებთ და აალება თუ მოხდა, ცეცხლი სრულად ლოკალიზებული იყოს და გარეთ არ გამოაღწიოს”, - ამბობს Elven Technologies-ის დამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე და დასძენს, რომ ელექტრომობილის ბატარეების რა ნაწილი შეიფუთება ქართული კომპანიის მიერ წარმოებული კომპოზიტით, დამკვეთის მოთხოვნაზე არის დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები