მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურმა BYD-მ ჰიბრიდული პლატფორმა შექმნა, რომლითაც 2,000-ზე მეტი კილომეტრის გავლა შეიძლება

BYD

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავტომწარმოებელმა, ჩინურმა BYD-მ ახალი ჰიბრიდული პლატფორმა წარმოადგინა, რომელსაც სრულად დამუხტული ელემენტებით და საწვავით გავსებული ავზით 2,000-ზე მეტი კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ ელექტრომობილების გარდა, ჩინურ კომპანიას ერთ-ერთ ლიდერად ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზეც ვიხილავთ, სადაც იაპონური Toyota და გერმანული VW დომინირებენ. როგორც BYD-ში ამბობენ, ცდების დროს, პლატფორმაზე დაშენებულმა ავტომობილებმა 2,500 კილომეტრის გავლაც კი მოახერხეს.

ახალ პლატფორმაზე, თავდაპირველად, BYD-ის ორი ბიუჯეტური სედანი იქნება ბაზირებული, რომელთა საწყისი ფასი $13,800-ზე ნაკლები იქნება. უფრო დიდი გასავლელი მანძილის დამსახურებით, BYD-ის ახალი ავტომობილების მფლობელები უპრობლემოდ შეძლებენ ჩასვლას, როგორც სინგაპურიდან ბანგკოკში, ასევე ნიუ-იორკიდან მაიამიში ან მიუნხენიდან მადრიდში, ასევე თბილისიდან იერუსალიმში, თანაც ყველაფერი ეს ავზის ერთხელ გავსებით და ელექტრობატერეების ერთხელ დამუხტვით.

თუ ჩინური BYD-ის მიერ წარმოდგენილი ეს პლატფორმა მართლაც ისე მუშაობს, როგორც კომპანიაში ამბობენ, მაშინ საავტომობილო ბაზარი მართლაც რევოლუციური ცვლილების ზღვარზე აღმოჩნდება. საქმე ისაა, რომ BYD დღესაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომწარმოებელ კომპანიად რჩება მსოფლიოში, რომელმაც შარშან სამი მილიონი ავტომობილი გაყიდა. წელს, სავარაუდოდ, ეს რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან პირველ კვარტალში ჩინურმა კომპანიამ ერთი მილიონი ავტომობილი გაყიდა. საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთში გაყიდული ყოველი მეორე ჰიბრიდული ავტომობილი სწორედ BYD-ის მიერ არის წარმოებული, ხოლო ჩინეთი ის ბაზარია, რომლის ათვისება აბსოლუტურად ყველა ავტომწარმოებელ კომპანიას სურს.

საწვავის წვის მაქსიმალურად შემცირება ის მიზანია, რომლისთვისაც ყველა ის ავტომწარმოებელი კომპანია იღვწის, რომელიც ყოველდღიური მოხმარების ავტომობილებს ქმნის, რადგან ეს მოგებიანია, როგორც ფინანსურად, ასევე გარემოსდაცვითი კუთხით, რაც, თავის წილ, ხშირად სხვადასხვა სახელმწიფო შეღავათებთან ასოცირდება. ამგვარად, BYD-ის ახალ პლატფორმასთან ერთად, შორ მანძილზე მოძრავი ავტომობილების ჩამონათვალში ასევე ვხვდებით, როგორც ჩინური Geely-ის სედანს, Geely Galaxy L6 Hybrid-ს, რომელსაც ელემენტების ერთი დამუხტვით და ავზის ერთი გავსებით 1,370 კილომეტრის გავლა შეუძლია, ასევე Toyota Camry-ის ჰიბრიდულ ვერსიას, რომლითაც 1,100 კილომეტრის გავლა არის შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო პერიოდში, ავტომობილების ელექტრიფიკაციის ტენდენცია, გარკვეულწილად, მინელდა, რადგან ამ ეტაპზე, ამ ტექნოლოგიამ არ დადო ის შედეგი, რომელსაც მისგან ინდუსტრია მოელოდა. ელექტრობატარეების წარმოება ჯერაც ხარჯიანია, ელექტრომობილების სისტემატურად დამუხტვა 2024 წელსაც რთულია, ხოლო ბატარეების გადამუშავება კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ამგვარად, კომპანიები ფიქრობენ, რომ ავტომობილების მომავალი - ჰიბრიდულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები