ფარმაკოლოგიური ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში, რაც განპირობებულია იმით, რომ ადამიანები, ასე თუ ისე, მოწყვლადები ვართ, ხოლო დროსთან ერთად, დაავადებებიც ვითარდება, შესაბამისად ფარმაკოლოგიური კომპანიები იძულებულები არიან ტექნოლოგია განავითარონ და ახალი მედიკამენტები შექმნან. გლობალური ფარმაკოლოგიური ბიზნესის მნიშვნელოვანი წილი ალერგიაზე მოდის, რომელიც პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
სხვადასხვა მონაცემებით, ალერგია ოთხ მილიარდამდე ადამიანს, ანუ დედამიწის მოსახლეობის ნახევარს აწუხებს. ასეთი მასშტაბიდან გამომდინარე, ალერგიული ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე მსოფლიოს უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანიები მუშაობენ. სხვადასხვა მონაცემებით, ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების ბაზრის გლობალური ზომა $22 მილიარდს აღემატება, ხოლო 2032 წლისთვის მისი გაორმაგება არის ნავარაუდევი, რაც პლანეტაზე ალერგენების მატებას უკავშირდება.
ალერგიის სამკურნალო მედიკამენტებზე ფაქტობრივად ყველა დიდი ფარმაკოლოგიური კომპანია მუშაობს, მათ შორის J&J, Pfizer-ი, Merck-ი, Novartis-ი, Sanofi და GSK. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სფერო საკმაოდ განვითარებულია, ბევრი ბრენდის მედიკამენტი, რომლებსაც ეს და სხვა კომპანიები აწარმოებენ, ბევრისთვის ნაცნობი შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველა ეს კომპანია, ფაქტობრივად იდენტურ პროდუქტს აწარმოებს, ანუ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების ბაზარზე არსებული კონკურენცია საკმაოდ მწვავეა.
ალერგია, თავისი არსით, გარემოში არსებული სხვადასხვა ფაქტორების მიმართ ორგანიზმის გაძლიერებულ რეაქციას წარმოადგენს, რომლის გამოვლინება, დიდწილად, ადამიანის გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე არის დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან, რომ ალერგია, როგორც დაავადება მუდმივად ვითარდება, ხოლო ალერგიული ადამიანების რიცხვი იზრდება, ტექნოლოგია, რომელსაც ფარმაკოლოგიური კომპანიები ავითარებენ - იხვეწება. მაშ, ჩნდება კითხვა - როგორ გავიგოთ, რის მიმართ გვაქვს ალერგია და როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებას? ამ კითხვას, TECH INFORM-ში კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორმა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ უპასუხა. ექიმის განმარტებით, ალერგიის მკურნალობა შეიძლება, როგორც მოკლევადიანად, ანუ სიმპტომების მოხსნის კუთხით, ასევე გრძელვადიანად, რისთვისაც ვაქცინა გამოიყენება.
“ალერგიის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. პირველ რიგში, არსებობს სიმპტომების მოკლევადიანი მოხსნისთვის განკუთვნილი პრეპარატები, მაგრამ არსებობს ისეთი მედიკამენტებიც, რომლებიც ყოველდღიურად არ გამოიყენება და მათ თვეში ერთხელ, ინექციის სახით ვიღებთ. ეს ახალი თაობის მედიკამენტებია, რომლებიც მიმართულია ძირითადი გამშვები მექანიზმის, იმუნოგლობულინ-E-ის წინააღმდეგაა მიმართული - ამ შემთხვევაში, მის საწინააღმდეგო შრატს ვგულისხმობთ.
ამასთანავე, არსებობს ვაქცინები, რომლებიც ორგანიზმში მზარდი დოზით შეგვყავს, რის გამოც ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა მას და ამ ალერგენის მიმართ არსებული ალერგიისგან იკურნება. თუმცა ამ მეთოდს გარკვეული შეზღუდვები აქვს - ის, მაგალითად, უპირატესასდ მაშინ გამოიყენება, როცა ადამიანს ერთი ალერგენი აქვს გამოხატული, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ალერგენები მრავალფეროვანია, ამ ტიპის მკურნალობის ჩატარება რთულდება. ამასთანავე, არის რიგი უკუჩვენებებისა, რომელთა შემთხვევაში ეს მეთოდი არ გამოიყენება.
განსაზღვრა იმისა, თუ რა შემთხვევაში უნდა დავიწყოთ მკურნალობა და რომელია წამყვანი ალერგენი, სხვადასხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებით შეიძლება, რომლებიც კარგადაა განვითარებული. არსებობს კვლევა, როდესაც ალერგიის განსაზღვრა სამას ალერგენზე ერთად შეიძლება, თანაც სისხლის ერთი მცირე ულუფით. ადრე, თითოეული ალერგენი კანში ჩხვლეტის გზით შეგვყავდა, მაგრამ ახლა, ეს პროცესი გამარტივებულია და ჩვეულებრივი სისხლის ანალიზით გზით ხდება, უბრალოდ ტექნოლოგია ერთდროულად ბევრი ალერგენის დაფიქსირების საშუალებას გვაძლევს”, - განაცხადა გიორგი კამკამიძემ TECH INFORM-ში.