კვლევითი სააგენტო Global Market Insights-ის დათვლებით, 2032 წლისთვის, ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების გლობალური ბაზარი $42 მილიარდამდე გაიზრდება, რაც საშუალოდ წლიურ 6.6%-იან ზრდას ნიშნავს, რომელიც, თავის წილ, ბუნებაში და გარემოში ალერგენების მატებას და ადამიანებში ალერგიული რეაქციების რაოდენობრივ ზრდას უკავშირდება. ამგვარად, ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში, რომელზედაც ისეთი მოთამაშეები არიან წარმოდგენილები, როგორიცაა J&J, Pfizer-ი, Merck-ი, Novartis-ი, Sanofi და GSK.
სხვადასხვა მონაცემებით, ალერგია ოთხ მილიარდამდე ადამიანს, ანუ დედამის მოსახლეობის ნახევარს აწუხებს. ასეთი მასშტაბიდან გამომდინარე, ალერგიული ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე მსოფლიოს უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანიები მუშაობენ. სხვადასხვა მონაცემებით, ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების ბაზრის გლობალური ზომა $22 მილიარდს აღემატება, ხოლო 2032 წლისთვის მისი გაორმაგება არის ნავარაუდევი, რაც პლანეტაზე ალერგენების მატებას უკავშირება.
მაშ, რა იწვევს ალერგენების მატებას? როგორც კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე TECH INFORM-ში ამბობს, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ახალი, ადრე არარსებული პროდუქტების გამოჩენა, მიგრაცია და ინფექციური დაავადებების სწრაფი და მასშტაბური გავრცელება.
“ალერგია განხილულია, როგორც ცივილიზაციის დაავადება, ვინაიდან ადამიანს უფრო მეტ ნაერთთან და ნივთიერებასთან აქვს კონტაქტი. ამას, თავის წილ, განაპირობებს, როგორც ის რომ ბევრი პროდუქტი არსებობს, რომელიც ადამიანისთვის ადრე არ იყო ხელმისაწვდომი, ასევე ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენება და გაზრდილი მიგრაცია. ალერგიის მასშტაბის ზრდაზე გავლენას ინფექციური დაავადებებიც ახდენს. კორონავირუსული პანდემიის შემდეგ, მოგეხსენებათ, ალერგია ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს გამოუვლინდა, ვისაც ის მანამდე არ ჰქონდა, შესაბამისად, ინფექციური პროცესები, ეპიდემიები და პანდემიები თავის როლს ასრულებენ ალერგიის რაოდენობის ზრდაში”, - განაცხადა გიორგი კამკამიძემ TECH INFORM-ში.