კვლევითი სააგენტო Global Market Insights-ის დათვლებით, 2032 წლისთვის, ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების გლობალური ბაზარი $42 მილიარდამდე გაიზრდება, რაც საშუალოდ წლიურ 6.6%-იან ზრდას ნიშნავს, რომელიც, თავის წილ, ბუნებაში და გარემოში ალერგენების მატებას და ადამიანებში ალერგიული რეაქციების რაოდენობრივ ზრდას უკავშირდება. ამგვარად, ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში, რომელზედაც ისეთი მოთამაშეები არიან წარმოდგენილები, როგორიცაა J&J, Pfizer-ი, Merck-ი, Novartis-ი, Sanofi და GSK.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, თავს იჩენს სეზონური ალერგია, რომელიც პლანეტის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს, რის გამოც, ის უნივერსალურ პრობლემად შეიძლება ჩავთვალოთ, რომლის გადაჭრაზე მსოფლიოს უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანიები მუშაობენ. სეზონურად გამოვლენილი ალერგიის გარდა, ცხადია, ადამიანებს ეს დაავადება წელიწადის სხვა დროსაც აწუხებთ. მაშ, რა არის ალერგია? როგორც კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე TECH INFORM-ში ამბობს, ალერგია თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მწვავე შემთხვევებში ვლინდება, ხოლო ჩვეულებრივ პირობებში სიმპტომურად არ გამოიხატება.
“ალერგია ჩვენი ორგანიზმის გაძლიერებული რეაქციაა გარემოში არსებული სხვადასხვა ფაქტორების მიმართ. ფაქტორად, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ბუნებაში და სახლში არსებული მტვერი, ასევე ნესტის სოკო, საკვები და ასე შემდეგ - მარტივად რომ ვთქვათ, ალერგენების სპექტრი ძალიან ფართოა. ალერგენი, როგორც წესი, ორგანული ნივთიერებაა, რომლის მიმართ ადამიანის მგრძნობელობა მომატებულია, რის გამოც, ორგანიზმი იმაზე უფრო ძლიერად რეაგირებს, ვიდრე ეს ნორმალურ პირობებში ხდება. ალერგია - თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ნორმის ფარგლებში არ ჩანს და სიმპტომურად არ გამოიხატება, მაგრამ მაშინ, როცა რეაქცია ჭარბია, ის ალერგიის სახით ვლინდება”, - განაცხადა გიორგი კამპამიძემ TECH INFORM-ში.
ალერგიას, ცხადია, მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს, როგორც უშუალოდ სიმპტომების კუთხით, ასევე იმ ნივთიერებების, რომლებიც ალერგიას იწვევს. ხშირად, ალერგიული მიდრეკილებები ერთი ოჯახის წევრებშიც კი განსხვავებულად ვლინდება. როგორც გიორგი კამპამიძემ TECH INFORM-ში განაცხადა, ამ მრავალფეროვნებას ადამიანის გენეტიკური თავისებურებები განაპირობებს.
“ალერგიული დაავადების განვითარების მიმართ, ზოგადად, გენეტიკური განწყობა არსებობს, მაგრამ რა სახით გამოვლინდება ის დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანის მგრძნობელობასთან და გამოხატვის მრავალფეროვნებასთან, რადგან ადამიანები გენეტიკურად განსხვავებულები ვართ და გამოხატვაც, შესაბამისად, განსხვავებულია. თანაც, ორგანიზმი, რასაკვირველია, სხვადასხვა ალერგენის მიმართ შედარებით მეტად ან ნაკლებად მგრძნობიარეა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა მომენტში მოიმატებს მგრძნობელობა და რომელი ალერგენი განაპირობებს მექანიზმის გაშვებას. შედეგად, ერთ ოჯახშიც კი შეიძლება, რომ ადამიანებს სხვადასხვა რამის მიმართ ჰქონდეთ ალერგია”, - განაცხადა კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორმა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ TECH INFORM-ში.