მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Alibaba-მ საკუთარი, 10 000 ჩიპით აღჭურვილი მონაცემთა ცენტრი გახსნა

alibab

ელექტრონული კომერციის გიგანტი Alibaba და China Telecom სამხრეთ ჩინეთში ახალ მონაცემთა ცენტრს ხსნიან, რომელიც Alibaba-ს საკუთარი ჩიპებით იმუშავებს. ეს ნაბიჯი ადგილობრივი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ქვეყნის მზარდ ძალისხმევას ასახავს.

დაანონსებული ობიექტი აღჭურვილი იქნება Alibaba-ს 10 000 ცალი Zhenwu ნახევარგამტარით, რომლებიც AI-ის გაწვრთნისა და დასკვნების გენერირებისთვის არის შექმნილი. მათ ასევე ასობით მილიარდი პარამეტრის მქონე AI მოდელების მხარდაჭერა შეეძლებათ.

ბოლო წლების განმავლობაში აშშ აქტიურად ცდილობდა, შეეზღუდა ჩინეთის წვდომა საკვანძო ნახევარგამტარულ ტექნოლოგიებზე, მათ შორის Nvidia-ს AI ჩიპებზე, რამაც ჩინეთს ადგილობრივი ალტერნატივების განვითარების მცდელობები დააჩქარებინა.

Alibaba, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია, საკუთარ ჩიპებს ქვედანაყოფ T-head-ის მეშვეობით ქმნის. კომპანია ჩინეთის "ღრუბლოვანი" გამოთვლების (cloud computing) ბაზრის ერთ-ერთი ლიდერიცაა. ის აპროექტებს ჩიპებს, აშენებს მონაცემთა ცენტრებს და ავითარებს საკუთარ AI მოდელებს, რომლებსაც შემდგომ თავისივე ქლაუდ-განყოფილების მეშვეობით ყიდის.

ჩინეთში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ადგილობრივი ტექნოლოგიებით მასშტაბური მონაცემთა ცენტრების მშენებლობას. გასულ თვეში ამოქმედდა გამოთვლითი კლასტერი, რომელიც Huawei-ს მოწინავე Ascend 910C AI ჩიპებით არის აგებული.

მაშინ როცა აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტები, სავარაუდოდ, წელს დაახლოებით 700 მილიარდ დოლარს დახარჯავენ თავიანთი AI ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად, ჩინურმა კომპანიებმა განსხვავებული მიდგომა აირჩიეს. ისინი ნაკლებს ხარჯავენ და თავიანთ AI რესურსებს იმ ინდუსტრიებზე ფოკუსირებენ, რომლებიც, მათი რწმენით, შემოსავლების ზრდასა და ინვესტიციებზე უკუგებას მოიტანს.

China Telecom-მა და Alibaba-მ განაცხადეს, რომ გუანგდუნის პროვინციის ქალაქ შაოგუანში მდებარე მონაცემთა ცენტრი, სავარაუდოდ, 100 000 ჩიპის მასშტაბამდე გაფართოვდება. მათ დასძინეს, რომ ამ გამოთვლითი კლასტერის გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ინდუსტრიაში - ჯანდაცვიდან დაწყებული მოწინავე მასალების წარმოებით დამთავრებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები