ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Alibaba-მ ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი შვილობილი ერთეულის, T-Head-ის ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების მიზნით კონფიდენციალური განაცხადი წარადგინა.
კომპანიის განცხადებით, T-Head-მა ოფიციალური დოკუმენტაცია 11 სექტემბერს, ჰონკონგის საფონდო ბირჟისგან ბიზნესის გამოყოფაზე ნებართვის მიღების შემდეგ გააგზავნა. თუმცა პროცესის საბოლოო დასრულება მარეგულირებელი ორგანოების თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდება.
Alibaba-ს განმარტებით, შვილობილი ერთეულის გამოყოფა ინვესტორებს T-Head-ისა და ჰოლდინგის ძირითადი ბიზნესის ცალ-ცალკე შეფასების შესაძლებლობას მისცემს. ამას გარდა, ეს ნაბიჯი ჩიპების მწარმოებელს დამოუკიდებელი კაპიტალის მოზიდვასა და პარტნიორებთან კავშირების გაღრმავებაში დაეხმარება.
როგორც ცნობილია, აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვების ფონზე, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები ამერიკულ Nvidia-ზე დამოკიდებულების შემცირებასა და ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ცდილობენ. 2018 წელს დაფუძნებული T-Head-ი კი Alibaba-ს ამ სტრატეგიის მთავარი საყრდენია.
სექტემბერში კომპანიამ ახალი ფლაგმანური პროცესორი Zhenwu V900 წარადგინა. მწარმოებლის ცნობით, ახალი ჩიპის წარმადობა წინა თაობის მოდელის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება და ის მომდევნო თაობის ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებას ამარტივებს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების მიზნით კონფიდენციალური განაცხადი საძიებო გიგანტ Baidu-ს ჩიპების ქვეგანყოფილება Kunlunxin-მაც წარადგინა.
























