Alibaba Group-მა 2022 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს რომ გასულ წელს კომპანიას 19 ათასამდე თანამშრომლის გაშვება მოუწია. ეკონომიკური ვითარების გამო ყველაზე მეტი თანამშრომლის გაშვება კომპანიას ზაფხულში მოუწია, როცა პირველად განაცხადა შემოსავლების კლების შესახებ. გასული წლის მეოთხე კვარტალში კი კომპანიამ 4 ათასზე მეტი დასაქმებული გაუშვა.
2022 წელს კომპანიის შემოსავლები რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის გლობალურმა მაკროეკონომიკურმა ვითარებამ და ჩინეთის მკაცრმა ე.წ ნულოვანი კოვიდის პოლიტიკამ განაპირობა, რასაც თან ლოქდაუნები ერთოდა. თითქმის 240 ათასი დასაქმებულით Alibaba კვლავ რჩება ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებლად კერძო სექტორში და როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპზე კომპანია ცდილობს მოერგოს მსოფლიოში შენელებულ ეკონომიკურ ზრდას.
შეგახსენებთ, წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სახელმწიფო უწყებები ქვეყნის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში, Alibaba-სა და Tencent-ში ე.წ. „ოქროს წილებს“ მიიღებენ, რითაც კომუნისტური მთავრობა ქვეყნის მთავარ კომპანიებზე საკუთარ გავლენას კიდევ უფრო გაზრდის. Bloomberg-ის ინფორმაციით, საწესდებო კაპიტალის განახლებული სტრუქტურით, ჩინეთის ხელისუფლება დირექტორების დანიშვნას და კომპანიების ძირითადი ვექტორების განსაზღვრას შეძლებს, რაც სი ძინპინის მთავრობას ინდუსტრიაზე გრძელვადიანი კონტროლის დამყარების საშუალებას მისცემს.