ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის გარშემო სიახლეები გრძელდება - მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა კომპანიის შიდა ფორუმზე დაბრუნდა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.
ჯეკ მას თქმით, Alibaba-ს ჰოლდინგის 6 დამოუკიდებელ ნაწილად დაშლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც კომპანიას ბოლო ათი წლის განმავლობაში მიუღია. მოგეხსენებათ, Alibaba-ს ჰოლდინგიდან გამოყოფილი კომპანიები საფონდო ბირჟაზე ცალ-ცალკე დაილისტებიან, მათ კი დამოუკიდებელი მენეჯმენტი, აღმასრულებელი ხელმძღვანელები და დირექტორთა საბჭო ეყოლებათ.
„Alibaba-ს ხელმძღვანელობას საკმაოდ რთული, თუმცა სწორი გადაწყვეტილების მიღება მოუწია. კომპანიის რესტრუქტურიზაცია აუცილებელი იყო და მის გარეშე განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. წლების განმავლობაში არაერთი შეცდომა დაგვიშვია და მათი აღიარება დიდ გამბედაობას მოითხოვს. რესტრუქტურიზაცია Alibaba-ს ხელმძღვანელობაში ნდობას აღადგენს და კომპანიას განვითარების სწორ ვექტორზე დააბრუნებს“, - აცხადებს ჯეკ მა.
რესტრუქტურიზაციის გარდა, ჯეკ მა Alibaba-ს მომავალზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას კომპანიის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება, ყველა არსებული გამოწვევა კი დროსთან ერთად აუცილებლად დაიძლევა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკ მას განცხადება კომპანიის შიდა ფორუმზე გაავრცელა, რომელიც მხოლოდ Alibaba-ს თანამშრომლებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა განცხადება ინტერნეტში მალევე გავრცელდა, რადგან უკვე წლებია, რაც ჯეკ მას ფორუმზე არაფერი დაუწერია.
ვრცლად ჯეკ მას დაბრუნებისა და Alibaba-ს რესტრუქტურიზაციის შესახებ წაიკითხეთ აქ: ALIBABA-ს დაშლა და ჯეკ მას დაბრუნება – რა ხდება ჩინეთში?