აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მოლოდინით, ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთები ზანგეზურის დერეფანზეც გაივლის. ამის შესახებ მან აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ ტვირთები ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ზანგეზურის დერეფნითაც გაივლის. ჩვენ მას, ბუნებრივია, განვიხილავთ, პირველ რიგში, როგორც ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ გზას, მაგრამ ასევე, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს", - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით ერთი სარკინიგზო ხაზი არსებობს: „იქნება ორი. ორი ყოველთვის სჯობს ერთს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ გაქვს გასასვლელი ღია ოკეანეში და გიწევს მეზობელი ქვეყნების გავლა. ყოველთვის უკეთესია გქონდეს ალტერნატივა მოცულობისთვის, კონკურენტუნარიანობისთვის, იმისთვის, რომ არავინ მოახდინოს სატრანზიტო მარშრუტის მონოპოლიზება და იმისთვის, რომ, ბუნებრივია, იყოს უფრო კონკურენტუნარიანი სატარიფო პირობები.
ეს ჩვენი ურთიერთქმედების ძალიან დიდი სექტორია და, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის აქ, ამ რეგიონში, აზერბაიჯანი, ვფიქრობ, პრიორიტეტული პარტნიორია როგორც საქონელბრუნვის მოცულობის, ასევე პოტენციალის თვალსაზრისით და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამხრეთ კავკასიიდან შემდგომი მიმართულებებით ნაკადის გამანაწილებელი ქვეყნის თვალსაზრისით. და ეს ნაკადები შეიძლება წავიდეს, როგორც ყველამ ვიცით, მრავალი მიმართულებით. აქედან ორი მიმართულებით დასავლეთით, ერთით, შემდეგ კი ორი მიმართულებით, კვლავ ზანგეზურის დერეფნის გავლით, სამხრეთით, ახლო აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურისკენ და, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის მიმართულებაც სრულად იქნება გამოყენებული“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა უნდა შეასრულოს ფასილიტატორის, ტვირთნაკადის ზრდის ხელშემწყობი ქვეყნის, საკუთარ და მეზობელი ქვეყნების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განმახორციელებელი ქვეყნისა და ნაკადების გამანაწილებლის როლი, რა თქმა უნდა, კომერციული მიზანშეწონილობისა და მრავალი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე: „ამიტომ აზერბაიჯანის, როგორც სატრანსპორტო ცენტრის როლი, რომელსაც ღია ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ბუნებრივია, გაიზრდება“.




























