აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ სულ მალე ზანგეზურის, იგივე სიუნიქის კორიდორი არამარტო შუა, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფანსაც დააკავშირებს. ამ შემთხვევაში, საუბარია საერთაშორისო სავაჭრო გზებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთს სამხრეთ აზიის ქვეყნებთან აკავშირებს.
კორიდორის მნიშვნელობაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტიანძინში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით 25-ე სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი მნიშვნელობის სატრანზიტო დერეფნის გახსნა ადგილობრივი ქვეყნების კავშირს გააღრმავებს და ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ფონზე, 2022 წლიდან აზერბაიჯანის გავლით გადაზიდვები 90%-ით გაიზარდა, დრო კი საგრძნობლად შემცირდა. არსებულ სტატისტიკაზე ყურადღების გადატანით აზერბაიჯანის პრეზიდენტს ხაზის გასმა საკუთარი სახელმწიფოს მზადყოფნისთვის სურდა. ამავე საკითხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პორტი, ალატი განახლდა და ახლა მისი ტვირთგამტარობა წლიურად არა 15, არამედ 25 მილიონ ტონას შეადგენს. მსგავსი მოცემულობა კი აზერბაიჯანს აძლევს საშუალებას, საერთაშორისო სატრანზიტო ქსელში მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩეს.




























