მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირებისთვის 100-ზე მეტმა კომპანიამ მოგვმართა“

63e9dac8b58d6
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.23 10:34
820
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით, ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირებისთვის სააგენტოს 100-ზე მეტმა კომპანიამ მიმართა. ამის შესახებ მან სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად ალკოჰოლიანი სასმელების სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს.

აღსანიშნია, რომ ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, აღნიშნული საკანომდებლო ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა.

ლევან მეხუზლას განცხადებით, საჭირო და მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზარი და ადგილობრივი მომხმარებელი მეტად იყოს დაცული და ყველა მწარმოებელი თანაბარ კონკურენტულ პირობებში ოპერირებდეს.

„სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შევხვდით, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან მწარმოებელს შესაბამისობის სერტიფიკატი მოსთხოვონ. ამ ეტაპზე ღვინის ეროვნულ სააგენტოს ადგილობრივი ბაზრისთვის 800 000 ბოთლზე მეტი აქვს სერტიფიცირებული და 100-ზე მეტმა კომპანიამ მოგვმართა ადგილობრივი ბაზრის სერტიფიცირების მიზნით“, - განაცხადა მეხუზლამ.

ცნობისთვის: საკანონმდებლო ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ 2021 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, სავალდებულო სერტიფიცირება საექსპორტო პროდუქციას სრულად, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა. ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები