მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალქიმია რეალობაა? – სტარტაპმა ვერცხლისწყალი ოქროდ გარდაქმნა

ოქრო

არის თუ არა ალქიმია რეალობა? - თუ სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ სტარტაპს დავუჯერებთ, ეს ასეა, რადგან Marathon Fusion-მა ვერცხლისწყალი რეალურ და სტაბილურ ოქროდ გარდაქმნა.

ამერიკულმა კომპანიამ ამ გიჟური და რევოლუციური მიღწევის შესახებ ოფიციალური განცხადება გასულ კვირას გაავრცელა და არსებული ინფორმაციით, ინოვაციური პროცესის შედეგად, სტარტაპის ლაბორატორიაში 290 პიკოგრამი რადიაქტიური ოქრო შეიქმნა, რომლის რეალიზაციას 17-წლიანი შენახვის პერიოდი სჭირდება, რათა მან რადიაქტიური თვისებები დაკარგოს.

ჰო, თავად პიკოგრამი არის მასის უკიდურესად მცირე საზომი ერთეული, რომელიც გრამის ერთ ტრილიონედ ნაწილს უდრის, შესაბამისად, ის ოქრო, რომელიც ამ სტარტაპმა შექმნა, შეუძლებელია მიკროსკოპის გარეშე დავინახოთ.

რაც შეეხება თავად ტექნოლოგიას, Marathon Fusion-ის მეთოდი ბირთვულ ტრანსმუტაციას ეფუძნება. კომპანიამ პროცესში გამოიყენა ტრიტიუმის სინთეზით მიღებული ნეიტრონები, რომლებიც ვერცხლისწყლის სტაბილურ იზოტოპს დაუკავშირდნენ. ამ პროცესის შედეგად რადიაქტიური იზოტოპი შეიქმნა და ის შემდგომ ეტაპზე სტაბილურ ოქროდ გარდაიქმნა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სტარტაპის გამოთვლებით, თეორიულად, 1-გიგავატიან თერმულ სადგურს წლიურად ორი ტონა ოქროს გამომუშავება შეუძლია. თუმცა ეს მხოლოდ თეორიული დაშვებაა, რადგან ის 290 პიკოგრამი ოქრო, რაც ახლა ლაბორატორიაში ინახება, საკმარისი არ არის ამ მასშტაბით სადგურის ასაგებად და მრავალმილიარდიანი ინვესტიციების მოსაზიდად.

სხვათა შორის, ალქიმიური მიდრეკილებები მხოლოდ სან-ფრანცისკოში არ ვლინდება, მაგალითად, გასულ წელს ბირთვული კვლევების ორგანიზაციამ დიდი ადრონული კოლაიდერის გამოყენებით ტყვია ოქროდ აქცია და ჯამში 29 პიკოგრამი ძვირფასი ლითონი შექმნა.

საერთო ჯამში, ამ ექსპერიმენტებით მტკიცება, რომ ოქროს შექმნა ქიმიური და ფიზიკური პროცესებით შესაძლებელია, თუმცა ის კოლოსალურ ენერგიას, ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებს და არანორმალურ ინვესტიციებს მოითხოვს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ხელოვნური ოქროს მიერ ბუნებრივი ოქროს ჩანაცვლების საფრთხე ჯერ არ დგას, თუმცა თუ ეს ტექნოლოგია გაიაფდება და მასშტაბირდება, მაშინ ოქროსაც იგივე ბედი ელის, რაც ბრილიანტების ბაზარზე უკვე ვიხილეთ, როდესაც ხელოვნური ალმასის შექმნამ და ჭარბმა მიწოდებამ ბრილიანტის ფასების 90%-იანი კოლაფსი გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები