მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გამო, ჰონგ-კონგში რუსული ოქროს იმპორტი რეკორდულად გაიზარდა

რუსული ოქრო

დასავლური სანქციების ფონზე, ჰონგ-კონგში რუსული ოქროს იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში რეგიონში 112.7 ტონა რუსული წარმოშობის ძვირფასი ლითონი შევიდა.

შედარებისთვის, რუსეთზე სანქციების დაწესებამდე, ანუ 2021 წელს იმპორტის მოცულობა მხოლოდ 3.3 ტონას უტოლდებოდა. ამ მონაცემებით, წელს ჰონგ-კონგში ოქროს მთლიანი იმპორტის 15% სწორედ რუსულ ნედლეულზე მოდის.

მოგეხსენებათ, ომის დაწყების შემდეგ მოსკოვმა ძირითად დასავლურ ბაზრებზე წვდომა სრულად დაკარგა. კერძოდ, ლონდონის ოქროს ბაზრის ასოციაციამ ყველა რუსული კომპანია სანდო მიმწოდებლების სიიდან ამოიღო. ამასთან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ქვეყანას მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს. შესაბამისად, რუსეთს აზიურ ბაზარზე მოუწია გადაწყობა.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული მიწოდების ზრდა ჩინეთის შიდა ბაზარზე ოქროს მასობრივ შესყიდვებს ემთხვევა. როგორც იცით, ჩინეთის ცენტრალური ბანკი რეზერვებს რეგულარულად ზრდის. S&P Global-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მარაგები უკვე 40 ტონით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.

მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი ყიდის და ჩინეთი ყიდულობს - თანაც შედარებით იაფად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები