მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალტერნატიული დერეფნები რომ გაიხსნება, კლიენტი აქედან არ უნდა გაგვექცეს“ - Logistics Solutions-ის დამფუძნებელი

64a921199f957
თამთა ჯიჯავაძე
08.07.23 12:38
684
უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე საქართველოს გაუჩნდა შანსი, რომ გახდეს სატრანზიტო კორიდორი და ტვირთების ნაკადები საქართველოს გავლით მაქსიმალურად გადმორთოს, - ამის შესახებ „საქმიანი დილას“ ეთერში Logistics Solutions-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ცანკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით კლიენტები იძულებით რეჟიმში არიან, ვინაიდან ტვირთს სანქციების გამო, ვერც რუსეთზე და ვერც ირანის ტერიტორიაზე ვერ ატარებენ, შესაბამისად, საქართველო ერთადერთი ნათელი წერტილია, სადაც მათ ტვირთის გატარების საშუალება აქვთ და ეს შესაძლებლობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

„მიმაჩნია, რომ ახლა გვაქვს შანსი, ეს პერიოდი გამოვიყენოთ და მაქსიმალურად მივაჩვიოთ კლიენტები, რომ ტვირთი საქართველოს გავლით გაატარონ“, - განაცხადა ცანკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამჟამად მათ უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ აქვთ. ხოლო როცა ომი დასრულდება, შესაძლოა, ისინი კვლავ ძველ მარშრუტებს დაუბრუნდნენ. კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მათ „მისაჩვევად“, Logistics Solutions-ის დამფუძნებელი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

„ჩვენ რომ ისინი მივაჩვიოთ, საჭიროა გონივრული სატარიფო პოლიტიკის გაწერა. მესმის, რომ ახლა საქართველოს ტვირთის ნაკადები მოაწვა და გაზრდილია ტვირთბრუნვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტვირთნაკადს შევინარჩუნებთ. ფასების გარდა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა იმასაც ვერ ვითვისებთ ბოლომდე, რა მოთხოვნაც არის, ვინაიდან ჩვენი გამტარუნარიანობა ამას ვერ უზრუნველყოფს. პრობლემაა როგორც პორტების ზომის სიმცირე, ასევე, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ვაგონების დეფიციტი, მართალია, მაქსიმალურად ცდილობენ გაუმჯობესებას, თუმცა ამაზე მუშაობა გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო. ასევე, გვაქვს ავტობანის პრობლემა, არჩევანიც არ არის, რომ სხვადასხვა გზებით დაფარო მარშრუტი“.

ირაკლი ცანკაშვილის თქმით, შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა, ვინაიდან საერთაშორისო ვაჭრობამ და ლოგისტიკამ შეიძლება ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას. ამიტომაც, მისი განცხადებით, ყველა მხარემ - სახელმწიფომ, კერძო ინვესტორმა და გადამზიდავებმაც უნდა იაქტიურონ. „ეს უნდა იყოს საერთო მიზანი, რომ როდესაც ალტერნატიული დერეფნები გაიხსნება, კლიენტი აქედან არ გაგვექცეს“, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაც.

„ეს ასეთი შეუძლებელიც არ არის. თუ გადავხედავთ მსოფლიოს, ძალიან მალე შენდება ყველაფერი თუ საჭესთან პროფესიონალები არიან. პორტის აშენებაც შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში, რაღაც ნაწილის მაინც... „პეის ჯგუფის“ კარგი მაგალითიც გვაქვს, არცთუ ისე დიდი ხნის პერიოდში მოხდა ახალი ნავმისადგომის აშენება. სხვათა შორის, შედეგად ჩვენს გამტარუნარიანობას დაემატა თანამედროვე და კარგი ნავმისადგომი, რომელიც ტვირთებს ატარებს. ეს მისასალმებელია. იგივე უნდა გააკეთოს APM-მა და არ უნდა გაწელოს ფოთის ნავსადგომის განვითარების პროექტის განხორციელება“, - განაცხადა Logistics Solutions-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ცანკაშვილმა.

"მიწას ვაძლევთ... ველოდებით მათ მკაფიო გადაწყვეტილებას"- მინისტრი ფოთის პორტის გაფართოებაზე


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები