საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, წინა კვირას, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში შუა დერეფნის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს ერთობლივი კომპანია, რომელიც ჩინეთიდან დერეფანში მომავალი ტვირთების გადაზიდვებში კოორდინაციას მოახდენს და ასეთი კომპანია უკვე არსებობს. „ასეთი კომპანია არსებობს, ეს არის ერთობლივი შეთანხმება საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანისა რკინიგზებს შორის. ის მოემსახურება ჩინეთიდან მომავალ საკონტეინერო ტვირთებს, რომელიც შუა დერეფნის მეშვეობით მოხვდება ევროპაში. ამის არსი არის ის, რომ შუა დერეფანი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იყოს და მეტი იყოს კოორდინაცია. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო გლობალურ კონკურენციაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სატარიფო კონკურენცია, ისე სერვისების მაღალი დონე და ვფიქრობ, რომ ერთობლივი კომპანიის ფარგლებში, უკეთესად მოვემსახურებით ამ ტვირთებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კომპანიასთან დაკავშირებით მეტი დეტალი ცნობილი არ არის. მასზე ინფორმაციას არ ფლობს არც Logistics Solutions დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი ცანკაშვილი, თუმცა ამბობს, რომ ყველა ინიციატივა მისასალმებელია, რომელიც შუა დერეფანში მეტი კოორდინაციისკენ და იაფი, მიმზიდველი გამჭოლი ტარიფების მიღწევისკენ იქნება მიმართული.
„ტვირთის მფლობელები მაქსიმალურად უნდა მივაჩვიოთ ამ მარშრუტს, რომ შემდეგ, როცა ალტერნატიული კორიდორები გამოჩნდება, აღარ გაუჩნდეს იმის ცდუნება, რომ სადღაც გადავიდეს – ამბობს ირაკლი ცანკაშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – ამას სჭირდება კოორდინირებული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის“.
- ერთია თანამშრომლობა, მაგრამ ქვეყნებს შორის კონკურენციაც მაინც იქნება...
მე ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყნებს შორის კონკურენცია უნდა იყოს. ეს არის თანამშრომლობა. ეს არის კოოპერაცია, რომელშიც კონკურენცია არ ჯდება. თანამშრომლობასა და კონკურენციას შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. სამივე ქვეყნის ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტმა ტვირთმა გაიაროს ამ კორიდორზე – ყაზახეთი ვერ გაატარებს ტვირთს, თუკი საქართველო და აზერბაიჯანი არ დაეთანხმება და შეთანხმებული პოლიტიკა არ იქნება, აზერბაიჯანი ვერ გაატარებს ტვირთს, თუკი საქართველო და ყაზახეთი არ დაეთანხმება და ა.შ. არ ვთვლი, რომ კონკურენციის მომენტი ჩაირთვება.
- თუმცა, ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ეს გამჭოლი ტარიფები არ არსებობს, კონკრეტული ხელშეკრულებები და შეთანხმებები არ არსებობს ..
ამას სჭირდება ის, რომ ყველა მხარის კომერციული ინტერესები იყოს დაკმაყოფილებული.
- და ესეც კონკურენციის ნაწილია ..
რა თქმა უნდა, ბიზნესია. ყველა ცდილობს, რომ მისი მონაკვეთი მაქსიმალურად დაფასებული იყოს ისე, რომ იქიდან მაქსიმალური შედეგი გამოიღოს და ამაში ნამდვილად ცუდი არაფერი არ არის, პირიქით, ანუ საქართველომაც მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს და მაქსიმალურად მეტი შემოსავალი დარჩეს ქვეყანას.
- რას აკეთებს საქართველო?
ხომ გვპირდებიან ახალ პორტს?
- ეს თქვენთვის მხოლოდ დაპირებაა?
ყოველ შემთხვევაში, როგორც ვიცით, პორტის მშენებლობა დაანონსდა, გარკვეული ე.წ. შორთლისთიც შეიქმნა. წინ მივიწევთ.
- იაფ გამჭოლ ტარიფთან ერთად, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი?
ინფრასტრუქტურა – როგორც საგზაო, ისე საპორტო და ისევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა იყოს გამართული და ეს უნდა იყოს გამართული არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, რომელიც ამ კორიდორის ნაწილია, არამედ, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში თანაბარ დონეზე იმიტომ, რომ არანაირ შედეგს არ გაძლევს შენ, ერთ ქვეყანაში განვითარებული ინფრასტრუქტურა, თუ ტვირთი შემდეგ შენელდა სხვა ქვეყანაში. თავისთავად ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მაღალ დონეზე და ეს არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი – როგორც მინიმუმ, საქართველოში.
- მეორე მხრივ, ანაკლია, რომელიც თქვენ ახსენეთ; ნამახვანი, რომელზეც განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა – პრობლემური პროექტებია საარბიტრაჟო დავების გამო – რა დონეზე უნდა ვიყოთ კმაყოფილები, რომ ამ პროექტების სახელები უფრო ხშირად გვესმის – ინვესტორის ინტერესი და რეალური ინვესტირება ერთი და იგივეა?
ამაზე რაც არ უნდა ვიმსჯელოთ მე და თქვენ და ვინც უნდა იყოს, სანამ რეალურად არ დავინახავთ რა ხდება – ჩვენი მსჯელობა ფუჭი საუბარი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება როგორც ალბათ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომ მსხვილი პროექტები ხორციელდება – თუნდაც ის, რომ ინტერესი არის ინვესტორების მხრიდან, უკვე კარგია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- რეკომენდაციები რა იქნება თქვენგან – როგორც ბაზრის მოთამაშისგან, როგორც ექსპერტისგან – რა ტიპის შეცდომები უნდა გაითვალისწინოს ამ პროცესში ხელისუფლებამ და აღარ გაიმეოროს?
ჩემი რეკომენდაციები, ალბათ, როგორც ლოგისტიკის სფეროს წარმომადგენლის და ამ სფეროს ერთ–ერთი მსხვილი მოთამაშის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონალურად და შეიძლება უკვე ითქვას, მსოფლიოშიც – იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია არის ერთადერთი ქართული ლოგისტიკური კომპანია, რომელიც გახდა საერთაშორისო და რომელსაც თავისი ფილიალები აქვს მსოფლიოს 8 ქვეყანაში სამ კონტინენტზე – პირველი რეკომენდაცია ალბათ იქნება ის, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ეს პროცესი – კონკრეტულად აქცენტი მაქვს უფრო პორტის თემაზე, ჩემი პროფილიდან გამომდინარე. მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს ამ პორტის მშენებლობა იმიტომ, რომ არსებული პორტები რაც დღეს გვაქვს, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას რაც არის – იმ გამტარუნარიანობას, იმ, თუნდაც, ტექნიკურ აღჭურვილობას, რაც სჭირდება დღევანდელ, თანამედროვე ლოგისტიკას. ამიტომ ჩემი მთავარი რეკომენდაცია იქნება, რაც შეიძლება დაჩქარდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა.