მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს „შუა დერეფანში“ ტვირთის შენარჩუნებისთვის“ - ირაკლი ცანკაშვილი

6441447472d5b
სალომე ხიდურელი
20.04.23 22:00
1174
გასული წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, საქართველოს „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა გაზრდილია. ტვირთი, რომელიც მანამდე შუა აზიაში რუსეთის ჩრდილოეთის დერეფნის გავლით მიდიოდა, დღეს საქართველოს გავლით გადაიზიდება.

როგორც Logistics Solution-ის დამფუძნებელი ირაკლი ცანკაშვილი BMGTV-ს გადაცემა „საქმის კურსში“ აღნიშნავს, ტვირთის იძულებითმა ზრდამ „შუა დერეფნის“ გადატვირთვა და ხარვეზები გამოიწვია.

„ტვირთბრუნვა, რა თქმა უნდა, გაზრდილია იძულებითი პირობებით, რაც რეგიონშია შექმნილი, რუსეთ-უკრაინის ომის სახით. ამ ყველაფერმა ჩვენი დერეფნის გადატვირთვა გამოიწვია, ის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე მუშაობს, თუ უფრო მეტად არა. რა თქმა უნდა არის გარკვეული ხარვეზები, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და პორტების კუთხით. ასეთ ტვირთბრუნვას, სამწუხაროდ, მოუმზადებლები შევხვდით“, - აღნიშნავს ირაკლი ცანკაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მაღალი ტვირთბრუნვისთვის მომზადება არა ომის დაწყებიდან, არამედ გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო, რადგან საქართველოსთვის ტრანზიტი ერთ-ერთი მთავარი სფეროა, საიდანაც ქვეყანა შემოსავალს იღებს.

„საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სფერო, საიდანაც შეიძლება, რომ მან შემოსავალი მიიღოს, არის ტრანზიტი და მისი გეოლოკაცია. ჩვენ არ ვართ ინდუსტრიული ქვეყანა, წარმოება დიდად არ გვაქვს, ამიტომ, ძირითადად, დამოკიდებულები ვართ ტურიზმზე და ტრანსფერსა და ლოგისტიკაზე.

რა თქმა უნდა, ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში ვერ მოხერხდებოდა ახალი პორტის მშენებლობა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ავტობანებისა და სარკინიგზო ხაზების გაყვანა. ისიც გასაგებია, რომ ერთი წლის წინ, თებერვლის დასაწყისში, ვერავინ იფიქრებდა, რომ ომი დაიწყებოდა. ამიტომ, ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივი უნდა იყოს და ეს წლების განმავლობაში უნდა ყოფილიყო დაგეგმილი. მაგალითად, რომ გვქონოდა ალტერნატიული პორტი, კიდევ უფრო მეტ ტვირთს მივიღებდით, გადავამუშავებდით და კონკურენციაც უფრო მაღალი იქნებოდა“, - აღნიშნავს ირაკლი ცანკაშვილი.

როგორც Logistics Solution-ის დამფუძნებელი განმარტავს, ახლა ქვეყანას კარგი შანსი აქვს, რომ ომის პერიოდში იძულებით შემოსული ტვირთმფლობელები, როგორც მომხმარებლები, შეინარჩუნოს და საქართველოს ბაზარს მიაჩვიოს.

„ძალიან დიდი ტვირთნაკადი, რომელიც მიდიოდა შუა აზიაში, რუსეთის გავლით მიდიოდა, იმიტომ რომ ბევრად იაფი უჯდებოდათ ჩრდილოეთის მარშრუტით ტვირთების გადაზიდვა, ვიდრე საქართველოს გავლით. ჩვენ ახლა გვაქვს კარგი შანსი, რომ იძულებითი ტვირთი შევინარჩუნოთ. მომხმარებელი დავაინტერესოთ და შევაჩვიოთ საქართველოს.

ომი სულ ხომ არ იქნება? ოდესმე დასრულდება და ტვირთმფლობელი არ უნდა ელოდებოდეს მის დასრულებას მხოლოდ იმისთვის, რომ ძველ მარშრუტს დაუბრუნდეს. დარწმუნებული ვარ, როდესაც რუსეთი გაიხსნება და სანქციებიც მოეხსნებათ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ძველი სტატუსის აღსადგენად. ამიტომ, ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტვირთი შევინარჩუნოთ“, - ამბობს ირაკლი ცანკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები