მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AlterSocks-მა 600 წყვილი წინდა შვეიცარიაში, PORSCHE-ს ცენტრში გააგზავნა

6409ee5f369c6
სალომე ხიდურელი
12.03.23 00:00
1167
წინდების მწარმოებელმა ქართულმა კომპანია AlterSocks-მა წინდების პირველი პარტია შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, PORSCHE-ს ოფიციალურ ცენტრში გააგზავნა. როგორც მისი დამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, PORSCHE-ს ოფიციალურ ცენტრში უკვე 600 წყვილი წინდა გაგზავნეს.

„ჩვენ 10-მდე ქვეყანაში გაგვაქვს წინდები ექსპორტზე, ძირითადად ევროპის ქვეყნებში. რამდენიმე წელია, რაც შვეიცარიაში გვყავს პარტნიორი, ვისთვისაც წინდებს ხშირად ვამზადებთ ხოლმე, მათგან კი სხვა კომპანიებმაც გაიგეს ჩვენ შესახებ. PORSCHE-ს წარმომადგენელი თვითონ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენნაირ პატარა ბიზნესებთან თანამშრომლობა. 600 წყვილი წინდა უკვე გავგზავნეთ ოფიციალურ ცენტრში, PORSCHE-სა და AlterSock-ის ლოგოები ერთ სივრცეში აღმოჩნდა“, - აცხადებს რეზი ბესელაშვილი.

მისივე თქმით, AlterSocks-ის, ისევე როგორც სხვა პატარა ქართული ბრენდების მიზანს, საქართველოში წარმატებული ბიზნესის ქონის გარდა, ევროპის მასშტაბით ექსპორტზე გასვლაც წარმოადგენს. „თუ საქართველო ჩამოშორდება ევროპულ სივრცეს, ჩვენთან თანამშრომლობა აბსოლუტურად არავის აღარ მოუნდება. გუშინ შევხვდით შვეიცარიელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა ბიზნესი თუ ინვესტიცია საქართველოდან გავა და დავრჩებით იზოლირებულები, მოგვიწევს რუსეთთან ყოფნა, რაც არ გვინდა“, - ამბობს AlterSocks-ის დამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ AlterSocks-ს 200-მდე დიზაინის წინდა აქვს დამზადებული. ბრენდის ფილიალები თბილისსა და ბათუმშია განთავსებული, მიწოდებას კი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები