ალპური სასტუმრო AltiHut განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - ობიექტის დამფუძნებლები 3 014 მეტრის სიმაღლეზე არსებულ ტერიტორიაზე ალპური ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის გაფართოებას დაახლოებით 500 000 ევროს ინვესტიციით გეგმავენ.
როგორც ალპური სასტუმროს დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ალავიძემ BM.GE-ს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საქველმოქმედო პროექტი სამაშველო ქოხი 3 700 მეტრზე მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ჩავარდა, განვითარება არ შეჩერებულა და „ალტიჰატი“ მომავალი წლიდან ობიექტის გაფართოებას განაგრძობს.
„ჩვენს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ალტი-ინფრასტრუქტურას და ეკოსისტემას ვაფართოებთ. ეკოლოგიური, თანამედროვე და ბუნებრივი მასალების გამოყენებით შევქმნით გარემოსთან მაქსიმალურ ჰარმონიაში მყოფ, განსაკუთრებულ არქიტექტურულ შედევრს. ჩვენი მიზანია, რომ ეს ადგილი გახდეს თანამედროვე ქართული არქიტექტურისა და ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის გლობალური ნიმუში“, - თქვა მან.

მისი ინფორმაციით, ახალი ფაზის ფარგლებში, AltiHut -ის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტს, 5 მცირე ზომის, 50 მ² სასტუმრო ტიპის კოტეჯი დაემატება, რომელიც ოჯახებისა და მცირე ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი.
"თითოეული კოტეჯი ინტეგრირდება გარემოსთან, ხოლო არქიტექტურული იდეა შემუშავებულია არქიტექტურული კომპანია STIPFOLD-ის მიერ. კოტეჯების ექსტერიერს ქმნის ბოჭკოვანი ბეტონის უწყვეტი გარსი, რომელიც ბუნებრივად ერწყმის მთის რელიეფს, ხოლო ინტერიერში ბუნებრივი ხის ტონალობა სითბოსა და სიმარტივეს უზრუნველყოფს.
ჯამში ობიექტში 5 კოტეჯი და 1 სამაშველო ქოხს გააერთიანებს, თუმცა საწყის ეტაპზე, 3 კოტეჯი განთავსდება“, - აცხადებს ალპური სასტუმროს დამფუძნებელი.
ნიკოლოზ ალავიძის თქმით, AltiHut-ის მისია თავიდანვე იყო ალპურ ზონაში უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, ხოლო ამ პროექტით ისინი კვლავ აგრძელებენ წვლილის შეტანას.





























