"ამ 12 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ["ქართულმა ოცნებამ"] ის, რასაც წინა ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებდა, ჩვენ შევძელით"- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, დღეს გამართულ თეა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, არსებულმა ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში უვიზო მიმოსვლა მოიპოვა, ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა, რაც მათ წინამორბედ პარტიას, მათი ლიბერტარიანული მიდგომების გამო არ გამოუვიდა.
„თქვენ ესაუბრებით იმ ხელისუფლებას ამდენი ხანია და მეც ამ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი თავად შეიტანა და მიმდინარეობს არაერთი პუნქტის შესაბამისად სისტემის რეფორმირების პროცესი, რაც ნაწილი შესრულდა, ნაწილი შესრულების პროცესშია. შესაბამისად, ეს არის ჩვენი შედეგები.
ამ 12 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ის, რასაც ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც დღეს ექსტრემისტულ დაჯგუფებად ფორმირდა, მათგან განსხვავებით ამ ხელისუფლებამ შეძლო უვიზო მიმოსვლის მოპოვება ევროკავშირთან. დამერწმუნეთ იმაში, რომ მე ვიყავი ამაში ჩართული და მაქვს ამაზე ხმამაღლა საუბრის გარკვეული მორალური უფლება. ეს იყო ძალიან რთული პროცესი. ჩვენ უამრავი ასეულობით რეფორმა განვახორციელეთ, როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული. რასაც წინა ხელისუფლება იმიტომ რომ ადამიანის უფლებებს უბრალოდ არ იცავდა განზრახ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებდა, ჩვენ შევძელით.
ასოცირების შეთანხმებასაც ევროკავშირთან ხელი ჩვენმა ხელისუფლებამ მოაწერა და ეს არ იყო ნაჩუქარი აქტი. ამას წინ ასეულობით სხვა რეფორმის განხორციელება უძღოდა. აღარაფერს ვამბობ ძალიან მძიმე და მტკივნეულ რეფორმებზე, ეკონომიკურ, ფინანსურ სფეროში, რამაც მოიტანა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ხელმოწერა, ჩვენი ხელისუფლების მიერ. რასაც წინა ხელისუფლება თავისი ლიბერტარიანული თუ აღვირახსნილი, ფინანსური, ეკონომიკური თუ ადამიანის უფლებების დარგში, პოლიტიკის გამო ვერაფრით ვერ შეძლებდა. ეს არის ბევრ სხვას შორის სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული სამართლებრივი დავები, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა“- აცხადებს წულუკიანი.
მისი თქმით, ქვეყნის ისტორიაში ძნელი გასახსენებელია, როდესაც რუსეთზე ვინმეს გაემარჯვოს, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა და საქართველომ რუსეთზე სამართლებრივად გაიმარჯვა.