"თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის" ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა - გამოშვებას, რომელიც წელს, დეკემბერშია ჩანიშნული და საიუბილეო, 25-ე ფესტივალი იქნება, კინოცენტრი აღარ დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის" Facebook გვერდზე ვკითხულობთ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ, ორგანიზატორების აზრით, კინოფესტივალის ჩაშლა საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინტერესებშია.
"საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს. ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ემუქრება ჩაშლის საფრთხე.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება დაფინანსების არ-გამოყოფის შესახებ, ფორმალურად, ეროვნული კინოცენტრის კომისიამ მიიღო, ჩვენთვის ნათელია, რომ კინოფესტივალის ჩაშლით საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია დაინტერესებული, რომლის მოადგილე კობა ხუბუნაია ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კინოფესტივალი კინოცენტრისგან დაფინანსებას, 20 წლის განმავლობაში, უწყვეტად იღებდა, დაფინანსების შეწყვეტა კი 24-ე კინოფესტივალს უკავშირდება, რომლის გახსნით ღონისძიებაზეც ქართველმა კინემატოგრაფებმა მინისტრის რეპრესიული პოლიტიკა გააკრიტიკეს.
"ეროვნულ კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც კი არ დაუფარავს კინოფესტივალის მიმართ და აიგნორებს მას, არ პასუხობს არცერთ ოფიციალურ მიმართვას. მინისტრის და მისი მოადგილის ეს გადაწყვეტილება სავსებით ჯდება მათ მიერ წარმოებული კულტურის პოლიტიკაში. ეს პოლიტიკა მიმართულია განსხვავებული აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, დამოუკიდებელი და ავტონომიური ორგანიზაციების წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, მინისტრი განარისხა იმ ფაქტმა, რომ გასულ წელს, 24-ე კინოფესტივალის გახსნისას, ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა აქციით გამოხატა უკმაყოფილება მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ასევე იმით, რომ კინოფესტივალის დროს დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია „საქართველოს კინოინსტიტუტი“, რომელიც ეროვნული კინოცენტრისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ სხვადასხვა თაობის ხუთასამდე კინემატოგრაფისტს აერთიანებს. თბილისის კინოფესტივალისთვის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხრივ დაფინანსების შეწყვეტა სადამსჯელო აქტია ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კინოფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კინოცენტრის დაფინანსების გარეშე, შესაძლოა, წელს ჩანიშნული ფესტივალი ვერ ჩატარდეს.
"ჩვენი სურვილია, მივაწვდინოთ ჩვენი პროტესტის ხმა თბილისის კინოფესტივალის ყველა მეგობარს, პარტნიორს, დონორს თუ სპონსორს მთელს მსოფლიოში, ვუამბოთ მათ ამ უსამართლობის შესახებ და ვთხოვოთ მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად დახმარება", - წერს "თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი".