მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ ბაზრებთან მუშაობას დიდი გამოცდილება სჭირდება“ – „ოდა სიემსი“ ინდოელ და ჩინელ ტურისტებზე

ტურისტები

ჩინეთისა და ინდოეთის ტურისტული ბაზრების მიმართულებით საქართველოს სტრატეგიის მიუხედავად, კომპანია „ოდა დიემსის“ დამფუძნებელი ვიკა შარია ამბობს, რომ თავად ამ ბაზრებზე მუშაობას არ გეგმავს. ის BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ აზიურ ქვეყნებთან მუშაობა ხანგრძლივ და სპეციფიკურ გამოცდილებას მოითხოვს.

„საქართველოს ვექტორი აღებული აქვს ჩინეთზე, ინდოეთზე და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზეც. ახლა შეიძლება ეს პროცესი ცოტა შენელდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღდგება. ამ ქვეყნებთან დაკავშირებით არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუმცა მე შეგნებულად არ ვმუშაობ ამ ბაზრებთან. ჯერ ერთი, ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია, მენტალობის სხვაობა კი იმდენად დიდია, რომ ამ ბაზრებთან მუშაობას ძალიან დიდი გამოცდილება და ხანგრძლივი ურთიერთობა სჭირდება. არც ერთი მაქვს და არც მეორე, ამიტომ ჩემს რესურსს იქ უბრალოდ არ ვდებ.

აზიურ ბაზარს, რა თქმა უნდა, აქვს პოტენციალი. იგივე სამხრეთ კორეას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ჩინეთსაც. მაგრამ მეორე მხარეც არსებობს. სამხრეთ კორეაზე არ მაქვს საუბარი - ისინი სიამოვნებით მუშაობენ ქართულ სააგენტოებთან, ჩამოდიან და აქაური კულტურა აინტერესებთ. მაგრამ თუ ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრებზე ვსაუბრობთ, დღემდე ვერ გამიგია, რისთვის ჩამოდიან საქართველოში. მგონია, რომ მათთვის აბსოლუტურად სულერთია, სად ჩავლენ. მთავარია, იყვნენ ერთად, კარგი დრო გაატარონ, ჭამონ თავიანთი საჭმელი, ჰქონდეთ თავიანთი სამზარეულო, ჩამოიყვანონ საკუთარი მზარეული და უბრალოდ ერთად გაატარონ დრო. საქართველო იქნება ეს ფანჯრის მიღმა, თუ იგივე აზერბაიჯანი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მგონია, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა ვიკა შარიამ.

მისივე ინფორმაციით, აზიური ბაზრებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი, შესაძლოა, საქართველოში მოქმედ ტურისტულ კომპანიებს სრულად არ დარჩეთ, რადგან შესაბამის ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიები საქართველოში მოქმედ იურიდიულ პირებთან ერთად მონაწილეობენ ტურისტული მომსახურების მიწოდებაში.

„აქ გარკვეული იურიდიული კომპანიები აქვთ, იურიდიული პირები დარეგისტრირებული აქვთ, მაგრამ კონტრიბუცია, რა თქმა უნდა, იმ მფლობელებთან მიდის, რომლებიც ინდოეთში ან ჩინეთში არიან დაფუძნებული და წლების განმავლობაში აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი და წარმატებით მოქმედი ტურისტული სააგენტოების ქსელი.

ამ დროს მე – ჩემი პატარა, ბუტიკური, ძალიან ექსკლუზიური და კლიენტზე მორგებული კომპანია მაქვს, სადაც პირდაპირ თვალებში ვუყურებ კლიენტს და სულს ვუბერავ. ხან ელენე ახვლედიანზე ვუყვები, ხან მერაბ აბრამიშვილზე და, არ ვიცი... ეს ძალიან შორს არის იმ ბაზრებისგან, რომლისკენაც, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიაა მიმართული. ამიტომ ამაში მონაწილეობას არ ვიღებ”, – განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები