მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აზერბაიჯანმა 10-15 წლით გაგვასწრო“ – „ოდა დიემსი“ საქმიან ტურიზმზე

MICE ტურიზმი

საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონგრესების მისაღებად საჭირო შესაძლებლობები შეზღუდულია – ამის შესახებ „ოდა დიემსის“ დამფუძნებელმა ვიკა შარიამ BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი მასშტაბის ღონისძიებების მიღებაა შესაძლებელი, რომლის მონაწილეთა განთავსებაც რამდენიმე სასტუმროში ხერხდება, თუმცა 700-1000 დელეგატზე გათვლილი კონგრესებისთვის შესაბამისი სივრცეები ქვეყანაში არ არსებობს.

„ადრე უფრო ენთუზიაზმით და მოტივაციით სავსე ვიყავი, ახლა კი უბრალოდ ვხედავ, რომ აზერბაიჯანმა გაგვასწრო 10–15 წლით და ძალიან უკან მოგვიტოვა. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ელემენტარული საგამოფენო ცენტრი, ვერ ვიღებთ დელეგაციას, რომელიც 500 ადამიანს აღემატება. ისიც, 500 დელეგატის ერთ სასტუმროში განთავსება ვერც თბილისში და ვერც ბათუმში ვერ ხერხდება. ის, რომ მივიღოთ კონგრესი, სადაც 700, 800 ან 1000 კაცი მონაწილეობს და შესაბამისი შეხვედრების სივრცეები ჰქონდეს, როგორც ეს ექსპო ცენტრებში უნდა იყოს, ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ არ ვართ კონგრესებისა და ექსპო ცენტრების ქვეყანა“, - განაცხადა ვიკა შარიამ.

საქმიანი ტურიზმისთვის გამოწვევად ვიკა შარია ასევე ავიამიმართულებებს მიიჩნევს. მისი თქმით, გარკვეული ბაზრებიდან ფრენების დაბალი სიხშირე და ევროპის მიმართულებების ნაწილი არაკომფორტული განრიგი, საქართველოს არჩევისას კომპანიებისთვის დაბრკოლებაა.

„თუ ფრენებზე ვსაუბრობთ, მაგალითად, იგივე რუსულენოვან ბაზრებზე – ერევანში გაცილებით მეტი ფრენაა, ვიდრე საქართველოში. სულ ეს უკუკავშირი მესმის: იქ დღეში 35 ფრენა სრულდება და, შესაბამისად, კლიენტმა სომხეთი აირჩია, რადგან გაცილებით მეტი ლავირების საშუალება აქვს. თუ ეს რეგიონული კონფერენციაა, რომლის მონაწილეებიც ჯერ სხვადასხვა ქალაქიდან ჩადიან კონკრეტულ ქვეყანაში და შემდეგ ერევანში მიფრინავენ, ჩვენთან, თბილისში, ეს ასე არ ხდება.

თუ აზერბაიჯანზე ვსაუბრობთ, იქაც, რა თქმა უნდა, ფრენების სიხშირე გაცილებით მაღალია. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ევროპიდან ფრენები ძირითადად ღამის საათებშია. მესმის, რომ ღამით ცის გამოყენება უფრო იაფია, ვიდრე დღისით, მაგრამ ეს ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლებაა. როდესაც კორპორატი, მათ შორის ევროპული კომპანია, საქართველოს სხვა ქვეყნებთან ერთად განიხილავს, მაგალითად, ათენთან და დუბროვნიკთან და ფრენების განრიგს ადარებს, თბილისი მაშინვე ვარდება მოკლე სიიდან და არჩევანში სხვა ქვეყნები რჩება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები