მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზბეგის ტურებს ფაქტობრივად ვეღარ ვყიდი" - ODA DMC გამოწვევებზე

ყაზბეგი

ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილების საკითხი კორპორაციული ტურებისთვის ერთ-ერთ პრობლემად რჩება, - ამის შესახებ „ოდა დიემსის" დამფუძნებელმა ვიკა შარიამ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კორპორაციული ჯგუფისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის წინასწარ პროგნოზირება მნიშვნელოვანია, რის გამოც ყაზბეგის შეთავაზებისას ის თავს იკავებს.

„ეს ჩემი პირადი განცდა და დაკვირვებაა, მაგრამ კახეთმა, ფაქტობრივად, იგივე ყაზბეგს გაასწრო. ყაზბეგს ფაქტობრივად ვეღარ ვყიდი, იმიტომ, რომ გზები სავალალო მდგომარეობაშია და საცობები სრულიად არანორმალურია. კერძო სექტორთან, ასე თუ ისე, ლავირების საშუალება გაქვს. ადამიანს აუხსნი, რომ ეს მისი პირადი გამოცდილება და გადაწყვეტილებაა, წავა თუ არა ყაზბეგში და მზად არის თუ არა, მაგალითად, 10 საათი რევერსულ საცობში იდგეს. კორპორაციულ ტურს ამას ვერ შევთავაზებ, ამიტომ თავს ვიზღვევ და ყაზბეგს, სამწუხაროდ, აღარ ვთავაზობ.

კახეთის ინფრასტრუქტურა კი საგრძნობლად გაუმჯობესებულია - იგივე გზები გაიხსნა, ესტაკადური მოძრაობა მოეწყო. ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი სასტუმროა კახეთში, ასევე – კერძები, მარნები და სხვა“,– განაცხადა ვიკა შარიამ.

მისი თქმით, ტურიზმის დეცენტრალიზაცია მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამის მაგალითად ოქტომბერში დაგეგმილი კორპორაციული ტური მოჰყავს: „მაგალითად, ახლა, ოქტომბერში, 40 პოლონელი კორპორაციული სტუმარი გვეყოლება წყალტუბოში. შვიდდღიანი, ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს, რომელიც მთელ იმერეთსა და სამეგრელოს მოიცავს. ჩვენ თვითონ ჩავედით და წინასწარ შევისწავლეთ ადგილები. საოცარი გასტრო და აქტიური გამოცდილებები ელოდებათ.

ზაფხულშიც მქონდა არაჩვეულებრივი პროექტი – 47 სტუმარი. ცენტრალურ ლოკაციად ბორჯომის ეროვნული პარკი შევარჩიეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებიდან დაახლოებით თანაბრად ხელმისაწვდომი ადგილი ყოფილიყო. პროგრამაში გვქონდა ტრეკინგი, რაფტინგი, ბანაკი, კოცონი... რეგიონებში ფანტასტიკური და პრაქტიკულად ულევი შესაძლებლობებია“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები