მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ დემონსტრაციის ეს ტალღა ვერ აღწევს მიზანს, მოაწყოს გადატრიალება - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თბილისში ხანგრძლივი პროევროპული პროტესტის მიზანი ქვეყანაში გადატრიალების მოწყობაა, რასაც დემონსტრაციის ეს ტალღა ვერ ახერხებს.

პაპუაშვილი პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სახელმწიფოებრივ და კონსტიტუციურ ველს.

"ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად პარტიული ორგანიზებისა და კარგად მომზადებული აქტივისტების მიერ აგრესიული ჯგუფების წახალისებისა, დემონსტრაციის ეს ტალღა ვერ აღწევს დასახულ მიზანს, მოაწყოს ქვეყანაში გადატრიალება, რევოლუცია, ქვეყნის ჩამოშლა და საბოტაჟი.

სწორედ ამიტომ, მაგიდაზე დევს ერთადერთი გონივრული ალტერნატივა. ყველა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივ და საკონსტიტუციო ველს, უარი თქვან უაზრო შეტაკებასა და აგრესიაზე, რომელიც აზიანებს მოქალაქეებს და განაგრძონ კანონის დაცვით პარტიული საქმიანობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე მტკიცებით, პოლიცია მოქმედებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც, "რადიკალური პარტიების" ორგანიზებით აგრესიული ჯგუფები იწყებენ პოლიციელებზე თავდასხმას და ძალადობას.

"საზოგადოება რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს აქციების მიმდინარეობას და თავად ხედავდა, რა თანმიმდევრობით ვითარდებოდა მოვლენები. ხედავდა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე იწყებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ქვების და პიროტექნიკის სროლა, პარლამენტის შენობის დაზიანება. პოლიცია მრავალჯერადად აფრთხილებდა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ, თუმცა ვხედავდით, რომ არც ორგანიზატორები და არც აქციის სხვა მონაწილეები, არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ძალადობა აღეკვეთათ. პირიქით, ქვების, „მოლოტოვის კოქტეილების“, პიროტექნიკის ადამიანებისთვის სროლა, ოპოზიციის კუთვნილმა მედიებმა, სანახაობადაც კი აქციეს, პროტესტის დანარჩენი მონაწილეები კი, პირიქით, ამხნევებდნენ მოძალადეებს.

ის, რომ ეს რამდენიმედღიანი ძალადობა რადიკალური პარტიების მიერ იყო წინასწარ ორგანიზებული ადვილად დადასტურდა ორი დღის წინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებით, როდესაც მთელმა საზოგადოებამ იხილა, რა რაოდენობის პიროტექნიკა და ძალადობრივი თავდასხმისთვის განკუთვნილი სხვა საშუალებები იქნა ამოღებული პარტიების ოფისებიდან. საზოგადოებამ ისიც ნახა, რომ როგორც კი მოხდა ამ მასალების ამოღება და ძალადობის ორგანიზატორების დაკავება, პროტესტი იმავე დღეს იქცა მშვიდობიანად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე პროტესტს არ აქვს შინაარსი და არც პეტიციების შედგენა და მასშტაბური გაფიცვა გამოიღებს შედეგს.

"მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი, ვერავინ ახერხებს თქვას და დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს.

ნაცვლად გაფიცვებისკენ მოწოდებისა თუ პეტიციების შედგენისა, რომელიც ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, გარდა სისტემის თვითლუსტრაციისა, მოქალაქეების ამ ჯგუფებმა სჯობს, გაამჟღავნონ, ვის დაუჭირეს მხარი არჩევნებზე და მათ რჩეულ პარტიებს მოსთხოვონ პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ხვალინდელ დღეზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები