მას შემდეგ, რაც არქიტექტურული კომპანია, Artytechs პრესტიჟული ჯილდოს, A’Design Award-ის მფლობელი გახდა, საერთაშორისო ბაზრებზე მასზე მოთხოვნა გაიზარდა.
კომპანიის ხელმძღვანელი, დადუნა შათიშვილი BMGTV-ს გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" აცხადებს, რომ აღნიშნულმა აღიარებამ მას და კომპანიას საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობის ზრდა მოუტანა. ამან კი საერთაშორისო ბაზრებიდან არაერთი პროექტი და სავარაუდო კოლაბორაციის შემოთავაზებები განაპირობა.
საქმე ის არის, რომ Artytechs-ი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ფიზიკურ პირებთან, ისე კერძო დეველოპერულ კომპანიებთან, რაც მოიცავს სხვადასხვა მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელებას. კომპანიას გუნდში 30 წევრი ჰყავს, რომლებიც არქიტექტურას, ლანდშაფტის დიზაინსა და კვლევის მომსახურებას უზრუნველყოფენ.
„ძირითადი სერვისი არის არქიტექტურა, სადაც ჩვენ სრულ მომსახურებას ვუკეთებთ პროექტირების ნაწილში. ეს მხოლოდ არქიტექტურულ პროექტებს არ მოიცავს. ეს იქნება კონსტრუქციებს, ლანდშაფტის დიზაინი და სხვა. ჩვენ გვყავს საკმაოდ მასშტაბური გუნდი, მათ შორის ლანდშაფტის დიზაინერების, კონსტრუქტორების. პროექტირებისას, ერთ სივრცეში სრული მომსახურება ხდება ისე, რომ დამკვეთს არ უწევს დამატებითი რესურსის მოძიება.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მომსახურების ტექნოლოგიური განვითარება და მოდერნიზაცია. ყველაზე მთავარი რაც სხვა საპროექტო კომპანიებისგან განგვასხვავებს, არის კვლევის ნაწილი. როდესაც მომხმარებელი ჩვენთან მოდის პროექტის დასაკვეთად, მას სჭირდება ადგილმდებარეობის მიხედვით, სწორი მიმართულება, რომ მისთვის რეალიზება იყოს სწორად შესაძლებელი. რის საფუძველზეც, ჩვენ მომხმარებელს კვლევის ნაწილს ვთავაზობთ“,– აცხადებს კომპანიის მთავარი არქიტექტორი.
მისივე ცნობით, ამჟამად, Artytechs-ს 15-16 მიმდინარე მასშტაბური პროექტი აქვს, რომლებიც მოიცავს როგორც დეველოპერულ, ისე სასტუმრო სექტორებს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორიცაა თეთრი კვადრატი, მეტროპოლი, ეპიზოდ ჯგუფი და სხვები.