"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შოვში 18 ადამიანს ეძებენ. მისივე თქმით, 18 ცხედარია ნაპოვნი.
კობახიძის თქმით, შოვში არსებითად იგივე ვითარებაა, სურათი არის მძიმე, ხოლო სამუშაოებში ყველა უწყება არის ჩართული.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ინტენსიური სამუშაოები ტარდება
"რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს და ასე შემდეგ, აჯობებს, რომ ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, სჯობს, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენს მაგივრად ამ ყველაფერზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. 18 ადამიანი არის დაკარგული. ეს არის არსებული მონაცემები.
რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ცხედრის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა. დაზიანებებიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, ეს პროცესია. არსებული ინფორმაცია არის ასეთი - მთლიანობაში 36 ადამიანი იყო დაკარგული, 18 ცხედარი არის ნაპოვნი და 18 ადამიანი არის დაკარგული“, - განაცხადა კობახიძემ.