ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ფართო "ლოქდაუნი" არ იგეგმება. ასე უპასუხა გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, დაწესდება თუ არა შეზღუდვები სააღდგომოდ.
„ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივად შემთხვევების მატების ლოკალიზება სხვადასხვა ადგილებზე, რადგან ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყნის ბიზნესი და სოციალური აქტივობები ძალიან მძიმედ გადაიტანს. მნიშვნელოვანია მცირე, წერტილოვანი რეაგირება სწრაფად და სწორედ ეს კეთდება ახლა“, - განაცხადა გაბუნიამ.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, "სადღაც ქორწილი ჩატარდა ან ხალხმრავლობა იყო სხვა მიზეზით, რამაც შემთხვევების მატება გამოიწვია". გაბუნია წესების დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
„ჯერჯერობით, ვმუშაობთ ინტენსიურ ტესტირებაზე. მთავარი არის აღსრულება იმ წესების, რომელიც დაწესებულია. ფართოა მენიუ იმ წესების, რომელსაც ვიყენებთ, თუმცა, სამწუხაროდ, აღსრულება არ ხდება. ძირითადად, სოციალური თავშეყრის გამო არის შემთხვევების ლოკალური მატება. სადღაც ქორწილი ჩატარდა ან ხალხმრავლობა იყო სხვა მიზეზით. ამ ტიპის სოციალური ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.




























