მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის კომიტეტმა "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში" ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

648ac42a2b614
BM.GE
15.06.23 11:52
435
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტი განსახილველად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა და კომიტეტის წევრებს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილების მთავარი პრინციპია ჯანმრთელობის სამინისტროს მარეგულირებელი უწყების გაძლიერება და მისი აღჭურვა იმ სამართლებრივი მექანიზმებით, რაც მას დაკისრებული ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულების, პაციენტის უსაფრთხოების და სამინისტროს მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას მისცემს.

საქმე ის არის, რომ პროექტი განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის. ასევე ცვლილება ხორციელდება ჯარიმებთან დაკავშირებით და იზრდება სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის აქამდე დაწესებული ჯარიმების ოდენობა, რადგან ის ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციებს. ცვლილებები, ასევე შედის ხუთ მოქმედ კანონში, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საპროცესო კოდექსებში, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების, სააღსრულებო წარმოებათა და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონებში.

„ყველა ვთანხმდებით, რომ სამედიცინო სფეროში, ფარმაციაში არსებობს გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება რეაგირება. ჯანდაცვის სამინისტრო მიმართულია, რომ რაც შეიძლება მეტად ეფექტური იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რაც შეეხება საჯარიმო სანქციების საკითხს, მრავალი წელია არ გადაგვიხედავს და აუცილებელია განვსაზღვროთ მათი დადგენის შესაბამისი წესი“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

რა იცვლება ჯანდაცვის შესახებ კანონში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები