მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ ველოდებით - ალექსანდრე ძნელაძე

ალექსანდრე ძნელაძე

საბანკო ასოციაციაში ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ ელიან.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ BMG-ის განუცხადა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, ინფლაციური რისკები გაზრდილია, რაც აჩენს კითხვებს, ხომ არ მოუწევს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

მისივე თქმით, თუკი ინფლაციური რისკები გაძლიერდება, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ეროვნულ ბანკს განაკვეთის ზრდაც მოუწიოს.

“რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ დიდი ხანია უკვე 8%-ზე არის, ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შენარჩუნებული არის მკაცრ დონეზე. მაგრამ აქვე უნდა ვახსენოთ, რომ უფრო მოზომილი ფრთხილი მიდგომა არის ეროვნული ბანკის მხრიდან, რომ გარკვეულ ეტაპზე არ შეამცირა [განაკვეთი] და ისევ არ იყო ზრდაზე ორიენტირებული. მეორე კუთხით რამდენად ველოდებით [განაკვეთის] ზრდას, ჯერჯერობით ალბათ არ ველოდებით, მაგრამ გამოწვევები გრძელდება. როგორც იცით, უკანასკნელ პერიოდში ირანში მიმდინარე პროცესები ასევე აისახა რეალურ მდგომარეობაზე, ნავთობის ფასიც აისახა და ჯერჯერობით რთულია ვისაუბროთ. თუ შენარჩუნდება ისევ ამ მართვად ინფლაციის მაჩვენებელზე, სავარაუდოდ არ უნდა ველოდოთ [განაკვეთის] ზრდას, მაგრამ თუ საფრთხეები უფრო გაძლიერდება და მოლოდინები უფრო მაღალრისკიანი იქნება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც ვიხილოთ”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენციის გაგრძელება მოსალოდნელი არაა.

“საპროცენტო განაკვეთები ჯერჯერობით მგონია რომ შენარჩუნებული იქნება იგივე დონეზე. შარშან გარკვეული ეფექტი იყო და წლის ბოლოსკენ ცოტა შემცირდა. რეალურ მაჩვენებლებში შესაძლებელია მაინც შემცირების ტენდენცია შენარჩუნდეს, იმიტომ რომ ცოტა გვიან აისახება ხოლმე რეალური პროცენტის შემცირება, მაგრამ ამ ეტაპისთვის პროცენტების მკვეთრ ცვლილებას არ ველოდებით.

არა მარტო იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში შეინარჩუნეს [გამკაცრებული] მონეტარული პოლიტიკა, არამედ ევროზეც შეინარჩუნეს, ფედერალურმა რეზერვმაც შეინარჩუნა საპროცენტო განაკვეთი. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით რომ მკვეთრი ცვლილებები იქნება შემდეგ პერიოდში. რესურსი არსებობს, ლიკვიდობა არსებობს ამ თვალსაზრისით, ზრდის ტემპზეც აისახება, მაგრამ საპროცენტო განაკვეთებზე ჯერჯერობით არ ველოდებით მკვეთრ ცვლილებებს”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, 25 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. როგორც სებ-ი აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა ინფლაციურ მოლოდინებზე მოახდინა გავლენა, თუმცა ჯერჯერობით სებ-ი განაკვეთის ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები